60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების კოვიდ ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამით ამ დრომდე 92 110-მა ადამიანმა ისარგებლა. აღნიშნული მონაცემი „ნეტგაზეთს“ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიაწოდა.
სააგენტოს ინფორმაციის 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ამ ასაკობრივი ჯგუფის ის მოქალაქეები იღებენ, რომლებიც 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ.
ჯამში სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით სულ 18 422 000 ლარი გადაირიცხა. მოქალაქეები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თანხას თვის პირველ ან 15 რიცხვებში იღებენ:
„200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება. დღეის მდგომარეობით 92 110 ადამიანს გადაერიცხა ჯამში 18 422 000 ლარი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ (1-ელ და 15 რიცხვებში) მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას“ – უთხრეს „ნეტგაზეთს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
2021 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 399 482 აცრა. აქედან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი, რაც 18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის 43.8%-ს შეადგენს.
სრულად ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი, რაც 18+ ასაკის მოსახლეობის 37.9%-ია. ამ დროისთვის ვაქცინის ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს. 20 დეკემბერს ჯამში აიცრა 13 743 ადამიანი.