“აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ და რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დეგნანის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შესახებ იყო საუბარი.
„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ვაშინგტონში. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი. როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ და რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დეგნანმა.