სვანეთში, პრობლემას, რომელიც მოსახლეობას ელექტროენერგიასთან დაკავშირებით აქვს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ეხმაურება. განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება, ვკითხულობთ:
“როდესაც 2009 წელს მესტიის ტურისტული სექტორის განვითარების პროექტი დავიწყეთ, მთავარი საზრუნავი იყო მესტიის მკვიდრი მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის წყაროს შექმნა. არსებული პირობების გათვალისწინებით, კომუნისტების დროიდან, სადაც ელექტროენერგიის ძალიან სუსტი სიმძლავრეები იყო, გზის რეკორდულ ვადებში მშენებლობის პარალელურად, ერთი ზამთრის განმავლობაში, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ენერგეტიკის სამინისტროს 24-საათიანი მუშაობის დამსახურებით, თოვლში და ყინვაში, მაინც მოვახერხეთ და გავიყვანეთ მძლავრი ელექტროსადენები.
სამუშაო პროცესი მაშინაც არ გაჩერებულა, როდესაც მუშების ტრაგიკული დაღუპვა დაგვატყდა თავს, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა დიდთოვლობაში ზვავის ჩამოწოლის გამო. ხაზიც გავიყვანეთ და სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურაც შევქმენით მომდევნო ახალი კურორტის მშენებლობის პარალელურად, თეთნულდზე.
ჩემი ვარაუდით, ზემო სვანეთს წელიწადში შეეძლო ჰქონოდა ერთი მილიონი მაღალშემოსავლიანი ტურისტის მიღების სერვისი. ეს იყო მაშინ, მაგრამ ახლა, სვანეთიც და მთელი საქართველოც ყაჩაღების ხელშია. მათი სითავხედე იქამდე მივიდა, რომ გადაწყვიტეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პატარა ჯგუფის ფულის საკეთებელ ობიექტად ექციათ მესტია და გახსნეს ბიტკოინის მაინინგის პუნქტები. ჩვენს მიერ ოფლით და სისხლით გაყვანილი “უფასო” დენის ექსპლუატაციით, იმდენად დიდი სიხარბით აკეთებენ ფულს, რომ ახლა მესტიაში აამოქმედეს მუდმივი დენის გრაფიკი – დღეში მხოლოდ 4 საათი. ეს არის მინი მოდელი შევარდნაძის დროინდელი საქართველოსი, როდესაც დენს ყიდდნენ თურქეთში და საქართველო იყო წყვდიადში, მითიურ მე-9 ბლოკზე ჩამოკიდებული.
იმედია, მესტიელები ამოიღებენ ხმას და წყალში არ გადაყრიან ჩემი პრეზიდენტობის დროს მათთვის შექმნილ დოვლათს.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში
საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი უკვე გაიხსნა, მათ შორის სვანეთშიც, თუმცა წელს ეს უნიკალური მხარე ტურისტებს ჩაბნელებული ხვდება.
კრიპტოვალუტების მაინინგია პრობლემა, რომლის გამოც საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კურორტი ჩაბნელებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა უშუქობა.
მაინერების აკრძალვის მოთხოვნით, ხალხი ქუჩაშიც გამოვიდა და პროტესტის ნიშნად მესტიაში გზაც გადაკეტეს.