როგორია 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის სრული სურათი არ გვაქვს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი ჩვენი ეკონომიკისთვის შედარებით წარმატებული გამოდგა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა. ამასთან, თუ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზს დავუჯერებთ, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 10% იქნება.

2021 წლისგან განსხვავებულია 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, რომლებიც ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას გულისხმობს. მაგალითად, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ეკონომიკის 6.3%-იან ზრდას ვარაუდობს. შეგახსენებთ, რომ მოცემული პროგნოზი ფინანსთა სამინისტროს საბაზისო სცენარს წარმოადგენს.

მთავრობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ეროვნულ ბანკს. უკანასკნელი პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობს. მთავრობის მსგავსად, მოცემული პროგნოზი საბაზისო სცენარს ეფუძნება.

ასევე საინტერესოა კვლევითი ინსტიტუტების მოლოდინებიც. მაგალითად, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 5.5% იქნება. შედარებით განსხვავებულია საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ს პროგნოზი, რომელიც წელს 5%-იან ზრდას მოელის.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზს. მაგალითად, მსოფლიო სავალუტო ფონდმა უკანასკნელი პროგნოზი 2021 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდა საშუალოდ, 5.8% იქნება. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, ორგანიზაცია 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობს. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ბანკმა უკანასკნელი პროგნოზი ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში გამოაქვეყნა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share