ბატონო, ღმერთმა გადღეგრძელოს, გაცოცხლოს, გამყოფოს, მოგცეს სიცოცხლე, სიმთელე, ჯიბეში ფული, ბეღელში პური. ღმერთმა ნუ მოგიშალოს მისი წყალობა და უფლება. დიმიტრი გურიელი მწყალობელი, ანტონ დუმბაძე მგალობელი, ნიკოლოზ პატიოსანი, ოქროპილ მანდილოსანი, თუმანოიშვილი და მისი ყანთარი.
ღმერთმა გიხსნას შიშითა შიმშილისაგან, უვეცარი სიკვდილისაგან, აღელვებული წყლისაგან, აგორებული ქვისაგან, ეკვისა და ჭეხისაგან, მეხისა და ქუხილისაგან, დედაკაცის შაირისაგან, უსამართლო ბატონისაგან.
სანამდის მეისხის ფთაზე არ წავსულიყავი და ირმისა და შველისა და ყურდგლის ჯოგი არ მომედენოს, იმათი ბუნტყლი არ გამეკნაჭოს, არ გამეწეწოს, არ გამეჩეჩოს, არ შემესტას წინდის ჩხირზე, წინდა-პაჭიჭი არ მომექსოვოს, მუხლის ქვეით შენდა არ ჩამეცმიოს ღმერთმა იმდენ დღეს ნურაფერი გატკინოს;
სანამდეს მე ტყეში წიფელა არ მოვთხარო, ამ სტაქანში არ დავრგა, იმაზე ბუკი არ გევიტანო, იმაში სკაი არ გასურიელდეს და იმაში თაფლი და კრიპუჭი არ ვიხილო ღმერთმა იმდენ დღეს ნურაფერი გაწყინოს!
თქვენი სადღეგრძელო იყოს! წამში, წუთში, კვირეში და დღეში, წელიწადში და თვეში მაღლა ღვთიდგან, მაგრამ ჩვენგან იყოს შენი სადღეგრძელო, შენი გულის სასიმრთელო. მტერმა გიცინოს, გიკრიჭოს და ბოლოს შენი ხელი შემხედვარე ქნას ღმერთმა.
–
რაფიელ ერისთავი (1824-1901) ეთნოგრაფიული წერილები – ატატი კოპალაძის მეუღლის გადმონაცემი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა