საინიციატივო ჯგუფი “მიშას სექტორი” ქვეყნის მასშტაბით “პატრიოტი ადამიანების გაერთიანებას”, ხოლო თბილისში “დაუმორჩილებლობის ჯგუფების” შექმნას აანონსებს.
საკუთარი გეგმების შესახებ “მიშას სექტორის” წარმომადგენლებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. მათი თქმით, ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
„ვთავაზობთ ფართო გაერთიანებას იმ ადამიანებს, ვისაც ყველა კანონიერი ქმედების ფარგლებში რეჟიმის დამხობის სურვილი აქვს. რეგიონებში დავიწყებთ მოძრაობას თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც გაიშლება ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაუმორჩილებლობის ჯგუფები შეიქმნება. ეს იქნება მრავალი ჯგუფი და საზოგადოებაც იხილავს, რამდენად ვართ ამისთვის მზად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ”,- განაცხადა “მიშას სექტორის” წარმომადგენელმა ლევან მერებაშვილმა.
მისივე თქმით, დაუმორჩილებლობის ჯგუფები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწყობენ როგორც „სირცხვილის კორიდორებს“, ასევე სხვადასხვა უწყებასთან მივლენ.
“ხელისუფლებას კომფორტის ზონას არ შევუქმნით. ჩვენი მხრიდან ის იქნება, რომ ყველა ადგილზე იქნება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ როგორც „სირცხვილის კორიდორები“, ასევე სხვადასხვა უწყებასთან მივალთ. ყველგან იქნება პროტესტი და დავაფიქსირებთ – “თავისუფლება ტყვეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს”,- განაცხადა ლევან მერებაშვილმა.