მიშას ჩამოსვლა, ციხეში ჩაჯდომა და 50 დღიანი მარათონული შიმშილობა თავგანწირვის უდაოდ შთამბეჭდავი აქტია. რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება საერთო ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებისთვის; შეუწყო თუ არა ხელი მისმა ამ ნაბიჯმა ოცნებისა და მისი მხარდამჭერების კონსოლიდაციას და გახარიასთვის ამომრჩევლის წართმევას; ანდა რამდენად შეუშალა ხელი მელიას კოალიციურ სტრატეგიაზე აგებულ საარჩევნო კამპანიას იმით, რომ ელექტორატს სხვა შანსი არ დაუტოვა და გადამწყვეტ მომენტში არჩევანი კვლავ მიშა-ბიძინას შორის იძულებით გააკეთებინა – ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიკამათოთ. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მე-3 პრეზიდენტის საქართველოში გამოჩენამ ნაცმოძრაობა, როგორც პარტია და მისი ელექტორალური ბაზა მაქსიმალურ ტონუსში მოიყვანა, რის შედეგადაც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ თვითმმართველ ქალაქებში ფაქტობრივად გაიმარჯვა. ამით მიშამ პოლიტიკური თუ პრაგმატული თვალსაზრით უდაოდ შექმნა ოცნებისთვის გადამწყვეტი დარტმის მიყენების შანსი, თუმცა ეს შესაძლებლობა ოპოზიციამ ვერ გამოიყენა.
ფაქტობრივი გამარჯვება შედეგებში ვერ გადაიზარდა, რადგან შედეგები ხელისუფლებამ სათავისოდ გააფორმა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ ლიდერის თავგანწირვის მიუხედავად, ლოჯისტიკურად, ფინანსურად თუ ემოციურად პარტია არ აღმოჩნდა მზად ფორმალურ საარჩევნო პროცესის მიღმა პოლიტიკური პროცესის ძალისმიერი შემადგენლის განეიტრალებისთვის.
ნაცმოძრაობამ იმ მასშტაბის, სიხშირისა თუ ინტენსივობის საზოგადოებრივი პროტესტი ვერ გამოიწვია, რომ ივანიშვილი იძულებული გამხდარიყო უკან დაეხია და მინიმუმ დიდ ქალაქებში დამარცხება ეღიარებინა. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ აქ პრობლემა მხარდამჭერების რაოდენობაში იყო, თუმცა ეს რომ ასე არ არის – ნათელი მაგალითი 14 ოქტომბრის გრანდიოზულია აქციაა. პრობლემა არა ხალხის რაოდენობა, არამედ ამ რაოდენობის პოლიტიკური შედეგის მომტან ქმედით ძალად გარდაქმნა გახდა.
შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეები დასრულდა. დროა, ოპოზიცია ნაბახუსევიდან გამოვიდეს და მწარე პოლიტიკურ რეალობას თვალი გაუსწოროს. რეალობა კი ისაა, რომ მათ მომენტუმი ხელიდან გაუშვეს, პროტესტისა და უკმაყოფილების პიკმა გადაიარა და შესაძლებლობის ეს ფანჯარა, დიდი ალბათობით, დროებით, თუმცა დაიხურა. ნაცმოძრაობის ელექტორალური შედეგი და მიღებული მანდატების რაოდენობა უდაოდ შთამბეჭდავია, თუმცა არამც და არამც საკმარისი ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად. ხელოვნურად ახალი პიკის შექმნა კი წყობიდან გამოსული ძრავის ხელით დაქოქვის მცდელობას წააგავს, რომელიც არამარტო წარუმატებლობისთვისაა განწირული, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კომიკურ შეფერილობასაც იძენს. ხოლო იმისთვის, რომ “ძრავი” მწყობრში ჩადგეს ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ სასურველის რეალობად გასაღების ნაცვლად, დაშვებული შეცდომები უნდა გააანალიზოს, პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლი და ფუნქცია სწორად განსაზღვროს, საკუთარ შესაძლებლობებს, ფინანსებს და ადამიანურ რესურსს გადახედოს და მის შევსებასა და გაძლიერებაზე იზრუნოს. მეტიც, ნაცმოძრაობის ლიდერებმა პარტიის მიღმაც უნდა გაიხედონ და შედარებით მცირე ზომის პოლიტიკურ ძალებს და ახლად გამოკვეთილ ლიდერებს გაფართოებასა და ახალი სივრცეების ათვისებაში შეუწყონ ხელი. იმისთვის, რომ ოპოზიციას ივანიშვილის დამარცხების უკეთესი შანსი გაუჩნდეს, აუცილებელია რომ ხაზარაძის ლელომ, ხოშტარიას დროამ, ჯაფარიძის გირჩმა, ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებლემა თუ სხვებმა ელექტორატის დამაგრებაზე, პარტიული სტრუქტურების შენებაზე და კოალიციურ გაფართოებაზე იზრუნონ.
მოკლედ, ეკლესიასტეს თუ გავიხსენებთ: ახლა “არის ჟამი ქვათა შეგროვებისა“.
ოცნების ხელისუფლების პირობებში ვითარების გაუარესება, სამწუხაროდ, გარდაუვალი იქნება. დიდი შანსია იმის, რომ ხვალ უფრო ღარიბები და ნაკლებად დაცულები ვიყოთ; კორუფციამ და კრიმინალმა იმატოს; კორონამ კიდევ უფრო ძლიერი ტემპებით შემოგვიტიოს; დასავლეთიდან ფინანსური თუ სხვა ტიპის დახმარების მიღება გართულდეს და რუსული ჩექმის ხმა უფრო ახლოს გავიგონოთ, რაც ადრე თუ გვიან, და უფრო ადრე ვიდრე გვიან, აუცილებლად მიგვიყვანს სახალხო პროტესტამდე, რომლის მიმართულების მიმცემი და საარჩევნო გამარჯვებამდე მიმყვანი გაძლიერებული და უკეთეს ფორმაში მყოფი ოპოზიცია უნდა იყოს.