„ყველა სხვადასხვა გადმოსახედიდან ხედავს ამ ყველაფერს და ზოგიერთს მოსწონს კიდეც. არიან ისეთები, რომლებიც ამ ცხოვრებას აქებენ. იმიტომაც არის ეს ქაოსი და არეულობა. შეცდომები მოუვიდა მთავრობას – ახლანდელსაც, წინასაც და იმის წინასაც…“ – ამბობს საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, რომელიც “კვირის პალიტრასთან” ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ საუბარობს:
“ქვეყანაში უკიდურესად რთული სიტუაციაა და ჯერჯერობით ვერც ვხედავ რამე გამოსავალს. არ არსებობს ასე გაგრძელდეს, ყოვლად შეუძლებელია! ქვეყანა იმდენად მორყეულია, აღარ ვიცი, კიდევ რამეს თუ გაუძლებს… ახლა რა არეულობაცაა ქვეყანაში, ასეთი ჯერ არ ყოფილა. 1990-იანებში ხომ იყო ომი და გაჭირვება, მაგრამ მაშინაც კი არ იყო ამდენად რთული სიტუაცია. ახლა სულ უფრო ღიად გამომჟღავნდა ყველაფერი. ერთმანეთის მიმართ საშინელი ზიზღია, რაც ძალიან ცუდია.
ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ… მან ხელოვანებს ნორმალური ცხოვრება შეგვიქმნა, კარგად ვიყავით, ქვეყანაში ამდენი რამ გააკეთა, მაგრამ შეცდომა ყველას აქვს და რასაკვირველია, ქვეყნის მართვის დროს მანაც დაუშვა შეცდომები… დღეს ხომ ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია! ერთიანად ხელის მოსმა და გასუფთავება თუ იყო საჭირო, ბოლომდე უნდა გაესუფთავებინათ, როცა დაიწყეს და არავისზე შეღავათი არ უნდა ყოფილიყო. ამას აპატიეს, იმას და… ვისაც აპატიეს, იმათმა წამოყვეს თავი ნელ-ნელა. ხომ ხედავთ, აგერ, ქვეყანას ორი მთავრობა გამოუვიდა და არ გამოდის ასე ყოფა. ქვეყანა კიდევ უფრო და უფრო უკან მიდის და ამაშია მთელი უბედურება. ახალგაზრდობა თუ ასე პესიმისტურად იქნება, ხელფეხშეკრული ვიქნებით სულ. ახლა მთავარია, ვიაზროვნოთ, თუ როგორ დამშვიდდეს ეს ქვეყანა! უკვე აღარ იცი კაცმა, საით გაიხედო, როგორ გაიხედო, ვის გადაეფარო, ვის არ გადაეფარო, დავიბენით! მოხუცი კი ვარ, მაგრამ ჩემი ხნის ადამიანისთვისაც ასე ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია!” – ამბობს ჯემალ ღაღანიძე.
კვირის პალიტრა