ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე). დედაქალაქში შემწეობას 130 748 ადამიანი იღებს, რაც შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 20,3%-ია. მეორე ადგილზეა იმერეთი 13%-ით, ამ რეგიონში საარსებიო შემწეობას 83 563 ადამიანი იღებს. სამეულშია ქვემო ქართლი, სადაც სახელმწიფო დახმარებას საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 12% იღებს, ჯამში – 77 681 ადამიანი.
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2020 წლის დეკემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 011 868 ადამიანი, 2021 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1 091 378-მდე გაიზარდა. აქ მატება თითქმის 8%-ია.
bpn.ge