ელენე ბაქრაძე-დარიანის წიგნის დასაბეჭდად საზოგადოებრივმა ჯგუფმა ფულის შეგროვება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ტირაჟის დასაბეჭდად ჯამში 12 560 ლარია საჭირო, ამ დროისთვის კი უკვე ჩარიცხულია 11 919 ლარი.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე – დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად.
წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იქნება საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად – სულ შესაგროვებელია 12560 ლარი.
ყველას, ვინც 25 ლარზე მეტს შესწირავს, საჩუქრად გადაეცემა ერთი წიგნი. რასაკვირველია, 25 ლარზე მეტის შემოწირვა შესაძლებელი და სასურველიცაა. რაც მეტი, მით უკეთესი.
დანარჩენი წიგნები გადაეცემა ლიტერატურის მუზეუმს და მუზეუმი განკარგავს მათ შემდგომში. ჩვენი სურვილია, წიგნის განახლებულ ვერსიას დავურთოთ შემომწირველთა სიაც. – ნათქვამია განცხადებაში.