ოზურგეთის საკრებულოსა და მერიის მაღალი თანამდებობის პირებს, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მხარდაჭერილი პროექტის შესაბამისად ხელფასები 50%-ით გაეზარდათ.
მაგალითად, დღეიდან ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ხელფასი ყოველთვიურად 4500 ლარი იქნება, ოზურგეთის მერის კი, 5 000 ლარამდე. შესაბამისად გაუორმაგდათ ყოველთვიური სახელფასო სარგო ყველა იმ პირს, რომელიც მერიასა და საკრებულოში მაღალ თანამდებობეს იკავებენ.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო.
დაპირისპირება სხდომაზე ინიცირებულ საკითხს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება.
მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხდომაზე ინიციატივით გამოვიდნენ. მათ საკრებულოს წევრების ხელფასების ზრდის გადადება და ამ თანხით საბავშვო ბაღების თანამსრომლებისა და მეეზოვეების ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.
ინიციატივის წარდგენა დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
საბოლოოდ უმრავლესობამ პროექტი დაამტკიცა, ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭირა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.