პუტინის ადგილზე რომ ვიყო, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, პუტინის ადგილზე, უკრაინას დიდი ხნის წინ აიღებდა, გაგზავნიდა ჯარებს და წესრიგს დაამყარებდა.

“ახლა გამოიგონეს უკრაინა. და რა, რუსეთმა გზა უნდა დაუთმოს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასა და ამერიკას შორის 9 ათასი კილომეტრის მანძილზეა? ამერიკა იცავს უკრაინის ინტერესებს, უკრაინისთვის კი უახლოესი მეზობელი რუსეთია, ესენი სლავური ხალხები არიან”,– თქვა კადიროვმა Instagram-ის პირდაპირ ეთერში ჩეჩნეთის პარლამენტის წარმომადგენელთან, მაჰომედ დაუდოვთან საუბრისას.

მისივე მტკიცებით, ამერიკას არაფერი კარგი არ სურს უკრაინისთვის და ის მხოლოდ რუსეთის საზღვართან ახალი ბაზის შესაქმნელად სჭირდება.

“თუ უკრაინაში არის ხალხი, მაშინ მათ ამას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. თუ უკრაინამ არა, მაშინ რუსეთმა უნდა მიიღოს ზომები. აი, მე რომ პრეზიდენტის ადგილზე ვყოფილიყავი, უკრაინას დიდი ხნის წინ ავიღებდი, გავგზავნიდი იქ ჯარს და წესრიგს დავამყარებდი. თუ გიჟი, კორუმპირებული ხალხი დგას სახელმწიფოს სათავეში და ამ სახელმწიფოს მეშვეობით ემუქრებიან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ჩვენ რა, უნდა გავჩუმდეთ?”, – ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება.

newsreport.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share