გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგების ფრაგმენტი თქმული გურიაში სოფელ ბახვის ეკლესიის კურთხევაზედ (1867 წლის 8 სექტემბერს)
–
ადამიანს, ძმანო ჩემნო, ისრედი ბუნება აქვს, რომელ თუ ყოველს დღეს თავის თავს თვითან არ უფრთხილდება, ანუ თუ ერთი ვინმე სხვა ყოველთვის არ აღვიძებს, არ შეაგონებს, არ ასწავლის, მაშინ იგი თან-და-თან ფუჭდება, ბოროტდება და ბოლოს შეიქმნება მონა ცოდვისა. ეკკლესია მისთვის შენდება, მისთვის უნდა ვიაროთ წირვა-ლოცვაზე, რომელ იქ საღმრთო წერილის მოსმენითა, წირვის და ლოცვის წესდებულებითა, ეკკლესიაში წმიდანების და სიწმიდის ხედვითა, გაიღვიძოს ჩვენს გულში ღვთის მადლმან, სიწმიდემან, სათნოებამან და დასუსტდეს და განქარდეს ყოველი ღვარძნილი და წინააღმდეგი ჩვეულება.
მრავალნი ბოროტნი ჩვეულებანი და ქრისტიანობის წინააღმდეგნი ზნეობანი გვაქვს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცირე გურიის მაზრაში მცხოვრებთა. იქმნება კიდეც გაგიკვირდესთ თქვენ და გეწყინოსთ, მაგრამ მაინც ვიტყვი და ვგონებ ნამეტანი არ იქმნება ეს თქმა: ჯერედ არც კი გაჩენილა ჭეშმარიტი ქრისტიანობა გურიაში.
ათასი წელიწადი მეტია, რაც ეს ქვეყანა მოინათლა, მაგრამ ქრისტიანობა ჯერეც
არ არის აქ დამყარებული. მართალია პირჯვრის დაწერა კი ვიცით, საყდარში კი დავდივართ, მაგრამ ქრისტიანობა არ არის ჩვენში. ფიცხელია ეს სიტყვა, მაგრამ როდესაც დაუკვირდებით საზოგადოდ აქაურსა ზნეობითსა მდგომარეობასა, როდესაც ვიფიქრებთ ერთი მხრით, როგორ უნდა იქცეოდეს
ჭეშმარიტი ქრისტიანე და მეორე მხრით ვნახავთ, რა სახით ცხოვრობენ აქაურნი ქრისტიანენი, მაშინ თითქმის არ იქმნება ეს ნამეტანი სიტყვა.
რით გაირჩევა ჭეშმარიტი ქრიატიანული საზოგადოება სხვათა ურწმუნოთა საზოგადოებათაგან? უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უბრძანა მოწაფეთა თვისთა: ამით სცნან ყოველთა, რამეთუ მოწაფენი ჩემნი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთ-არს. აჰა, ქრისტიანობის ნიშანი! რომელს ქვეყანაშიც, ანუ სოფელშიც არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა, იქ უნდა იყოს სიყვარული, ერთობა, ერთგულება, გარნა ნაცვლად ამისა აქ ჩვენ ყველგან ვხედავთ შურსა, სიძულილსა, განხეთქილებასა და შფოთსა. თუმცა ყოველნი მონათლულნი ვართ, ჩვენ ყოველნი ქრისტიანედ უწოდებთ თავთა ჩვენთა, გარნა სული და ბეჭედი ქრისტიანობისა, ესე იგი, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა არ არის ჩვენში.
ამასთანავე ერთი საშინელი ცუდი თვისება გვაქვს ჩვენ, საკუთრად გურულებს. გურული კაცი არის საშინლად გულფიცხელი და მოუთმენელი და გულფიცხელობითა თვისითა მრავალგზის შთავარდება საშინელთა ცოდვათა შინა. რამდენჯერ მომხდარა ამ ჩვენს მცირე ქვეყანაში, რომელ ერთი უბრალო სიტყვის თქმისათვის კაცს კაცი მოეკლას.
ძმანო ჩემნო! რათგანაც ესრედ დაცემულია ამ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა და კეთილი ზნეობა, ახლა მაინც გავიღვიძოთ მადლითა და შემწეობითა ახლისა ამის ტაძრისათა,
და ვითარცა იგი იქმნა დღეს განახლებული, ეგრედცა ჩვენ
განვახლდეთ ზნეობითა.
ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო! ვითარცა ცხოველს-მყოფელმან მადლმან შენმან აკურთხა და განაახლა საყდარი ესე, ეგრედვე განაახლე ცხოვრებაცა ჩვენი მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისათა; ჰყავ, რათა დღეს იქმნეს დასაბამი მოქცევისა ჩვენისა, განახლებისა და სულიერისა წარმატებისა;
განსწმიდე ზნეობა ჩვენი უგვანი, რათა აღარა ვიქმნეთ ამიერითგან ბრმანი, ბოროტნი, ურთი-ერთისა დამჩაგვრელნი და მჭამელნი, არამედ შევიყვაროთ ერთობა, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი ჩვენი; დაამშვიდე და დაალბე ფიცხელი გული ჩვენი, და მოგვეც ჩვენ ნაცვლად მისა სიმდაბლე და შემუსვრილება გულისა, რათა ვიყვნეთ ჩვენ ამიერითგან ჭეშმარიტნი ქრისტიანენი საქმითა და არა მხოლოდ სიტყვითა.
–
წყარო – ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა
თქმულნი 1860 – 1870 წლებში (1913 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა