,,ძველის დროიდგან ჩვეულებად შემოღებული იყო ყოველ ლხინსა და დარბაზობაში ღვთისმშობლის ,,ძილისპირების “ გალობა. ეს გალობა ლხინში მხოლოდ მაშინ შესწყდებოდა, როდესაც სამღვდელონი სუფრიდგან აიშლებოდნენ. ვინც ,,ძილისპირების” გალობა არ იცოდა, ის ,,ლიტონ” და ,,უწიგნო” კაცად მიაჩნდათ და ეს ხომ დიდი სირცხვილი იყო, განსაკუთრებით თავად-აზნაურთა ოჯახებისათვის.
ჩვენს დროში, ამ ჩვენს ყოველ-მხრივ დაქვეითების და გახრწნილობაში, ეს ჩვეულება თითქმის სრულიად მოიშალა… გურიაში აქამდე აქა-იქ დარჩენილა ,,ძილისპირების გალობა” ლხინის დროს.
შესანიშნავია, რომ გურიის გლეხ-კაცობაში აქამდის მრავალი მოიპოვება ქართული გალობის კარგად მცოდნე. ხოლო ესრედ წოდებულნი ,,სწავლულნი” და თავად-აზნაურთა ოჯახობა არა ჰკადრულობენ მამა-პაპათა მაღალ ზნიან ჩვეულებათა და გადაგვარების გზას მტკიცედ ადგანან…”
ისტორიკოსი თედო ჟორდანია, 1899 წ.
მხატვარი შალვა ძნელაძე