”დავით საყვარელიძის ერთი შეხედვით სკანდალურ განცხადებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქართველოში გაკვირვებით შეხვდნენ. ქართული საგარეო პოლიტიკის ერთმა wannabe ექსპერტმა ისიც კი დაასკვნა, რომ რუსული ინვაზიის შესახებ ამერიკის მიერ “აწეული” პანიკა ყოფილ ვიცე-გენპროკურორის ფინანსურ კეთილდღეობას უქმნიდა საფრთხეს.
რა მოხდა სინამდვილეში და როგორ იშიფრება საყვარელიძის განცხადება?
სინამდვილეში ეს დემარში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას გამოხატავს და სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის მიერ საერთაშორისო მედიაში დაფიქსირებულ მოსაზრებას.
CNN-მა სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით უკვე დაადასტურა, რომ სერიოზული კონფლიქტია ზელენსკისა და ბაიდენს შორის.
-რას ერჩის ზელენსკი ამერიკას, იარაღი მიაწოდეს, ჯარების როტაცია დააფიქსირეს, ეკონომიკურ დახმარებას უგზავნიან … – კითხულობენ გულუბრყვილო ადამიანები და ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ფსბ-ს მიერ აგორებული დივერსიაა.
“მე არ შემიძლია მოვიქცე სხვა პოლიტიკოსებივით და მადლობა ვუხადო ამერიკას იმისათვის, რომ ამერიკაა” – მკვახედ განაცხადა ზელენსკიმ.
რამ გააღიზიანა უკრაინის პრეზიდენტი?
პასუხი მარტივია: – დასავლეთის იმპოტენტურმა პოზიციამ.
ამერიკამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო კიევიდან. მას სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს. ეს გახლდათ სრული იდიოტიზმი! პრაქტიკულად კაპიტულაციის მომასწავებელი დასავლური სამყაროს მხრიდან. ამ სვლით ამერიკის სამხედრო-სადაზვერვო სტრუქტურამ მსოფლიოს ამცნო, რომ ისინი უშვებენ კიევის ოკუპაციას და განადგურებას. იმის ნაცვლად, რომ დასავლური სამყაროს წარმომადგენლები მამაცურად დადგნენ უკრაინელების გვერდით, როგორც ეს თავის დროზე ლეხ კაჩინსკიმ გააკეთა საქართველოში თავის კოლეგებთან ერთად, ისინი გარბიან და პუტინს უტოვებენ კიევს დასაბომბად. ძნელია ამაზე უფრო სულელური და ამავე დროს მავნებლური საქციელის გააზრებაც კი.
არაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა დარტყმა მიაყენა ამ მანევრმა უკრაინის ისედაც მოწყვლად ეკონომიკას და უახლოეს მომავალში იქ უცხოური ინვესტიციების დაბანდების პერსპექტივებს. თუ დავუმატებთ იმასაც, რომ არაერთი ბიზნესმენი სასწრაფოდ შეეცდება საკუთარი აწყობილი ბიზნესისა და ფინანსების ქვეყნიდან გატანას.
ეს უკრაინისათვის კატასტროფის ტოლფასია და ამ ზარალის ანაზღაურება არცერთ დასავლურ ფინანსურ ინექციას არ შეუძლია.
პუტინმა უკვე მოახერხა თავისი მიზნის დიდი ნაწილის შესრულება. არანაირი სამხედრო სვლა აღარ არის საჭირო. ეკონომიკურად განადგურებული უკრაინა ისედაც განწირული იქნება ხანგრძლივი ქაოსისათვის. და ეს მან მოახერხა ძალიან მარტივად; მხოლოდ ჯარების სატრანსპორტო მანიპულაციებით.
ყველაზე კარგად ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ამ ზარალის შეფასება და სწორედ ამიტომ არის მისი რეაქცია უაღრესად მკვეთრი და ერთგვარად სასოწარკვეთილიც.
ამერიკას და მის ევროპელ პარტნიორებს თავისუფლად შეუძლიათ რუსული საფრთხის პრევენცია დღესვე მოახდინონ. სანქციები უკვე ადგილზე უნდა იყოს, თუ ბაიდენს სერიოზულად სჯერა, რომ პუტინი რამდენიმე დღეში კიევში იქნება. ამერიკის და ევროპის პრეზიდენტები კი “პოსლეზე” ემუქრებიან პუტინს. იმის განხილვა, თუ რამხელა სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური აბსურდია რუსეთისათვის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება, არავის სურს სერიოზულად. ეს პრინციპში არც არის გასაკვირი მას შემდეგ, რაც მსოფლიომ იხილა ავღანეთიდან ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის უთავბოლოდ გამოქცევის პროცესი, როდესაც მილიარდობით დოლარის სამხედრო ქონება ხელუხლებლად დარჩათ ტყაპუჭიან თალიბებს.
და ბოლოს, დავუბრუნდეთ ისევ ყოფილ ვიცე-გენპროკურორის განცხადებას. დიახ, ბაიდენის უხერხემლო და უთავბოლო ადმინისტრაციას ალბათ ძალიან წაადგებოდა იმის დამტკიცება, რომ რუსული ბლეფი სინამდვილეში ბლეფი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბევრი ახსნა-განმარტება მოუწევთ უკრაინის განრისხებულ და სასოწარკვეთილ პრეზიდენტთან, და არამარტო.” – წერს მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.