რატომ ეწვია მოულოდნელად პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოს და რაზე ისაუბრა რეალურად მან საალომე ზურაბიშვილთან? უკრაინის თემაზე საუბართან ერთად ხომ არ მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა შეთავაზება სამთა კავშირში გაერთიანებაზე, რომლსაც უკრაინა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი აპირებს. ეს ვარაუდი ლოგიკას არ არის მოკლებული, რადგანაც საქართველოს ახლა უკრაინასთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა ყველაზე მატად სჭირდება.
ანდჟეი დუდა კი საქართველოში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა. აეროპორტში მას სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ მათ მიეცათ საშუალება გაეცვალათ ინფორმაცია და მოსაზრებები უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის განხორციელებასთან დაკავშირებით.
პოლონეთის პრეზიდენტის პირველივე სიტყვებიდან კი ცხადი გახდა, რომ მისი ხანმოკლე ვიზიტის მიზანი უკრაინის საკითხს უკავშირდებოდა. მან ზურაბიშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და კმაყოფილი იყო იმით, რომ მას გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც მისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, იყო ცნობილი.
ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე ასევე მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენელთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი მოქმედება. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრები და შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – თქვა მან.
როგორც დუდა აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტი გაეცნოს პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა დაამატა, რომ კონსულტაციები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბედიანიშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ ამ სამი ქვეყნის შესაძლო ალიანსს ეხებოდეს, სადაც საქართველოს გაერთიანება ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამის მზადყოფნა არ გამოუცხადებია.
„პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მოულოდნელი იყო. ამიტომ ლოგიკურია, რომ ეჭვი გაჩნდა. ეს ჩამოსვლა რეგიონალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რადგან ახლა უკრაინის პრობლემის ფონზე, ჩვენთან ვიზიტისთვის არავის სცხელა. უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები გაკეთდა. საქართველოსთვის ამ სამთა კავშირში გაერთიანება მნიშვნელოვანი იმიტომ იქნებოდა, რომ ახლა საქართველოს ბედიც ამ ქვეყანაზე გადის.
მისი მხარდაჭერა და ამ პროცესში მონაწილეობა, ხვალ უკვე საქართველოს საკითხს უფრო ეფექტურს გახდის და ჩვენი ქვეყნის დაცვა გამარტივდება. თუ რუსეთს არ გავაღიზიანებთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გაღიზიანდება. პუტინს მიზეზი არ სჭირდება იმისთვის. რომ საკუთარი მიზნები და გეგმები შეასრულოს. მის გეგმაში კი უკრაინასთან ერთად საქართველოც შედის. ამიტომ არ გამოვრიცხავს პოლონეთის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი სწორედ ამ ალიანსში გაერთიანება ყოფილიყოს.
პოლონელებმა ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს ხალხის განწყობა, როცა ხელისუფლებისას არ ემთხვევა. პოლონეთის პრეზიდენტი იმიტომ ჩამოვიდა, რომ გვაჩვენოს საქართველოსთვისაც ამ ალიანსში კარი ღიაა. საქართველოს ხელისუფლებას პირი მოუსინჯა. ეს იყო სიგნალი, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის პირით მივიღეთ. ამ პროცესებიდან საქართველო ამოვარდნილი ვერ იქნება. ცალმხრივი ფორმატი შავ ზღვასაც ეხება. თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში იყო, ყველა კითხულობს სად არის საქართველო? ჩირგვებში ვართ და აგერ პოლონეთის პრეზიდენტმა მოგვაკითხა. დიდი ხანი ასე დამალულები ვერ ვიქნებით. დღეს თუ არა, ხვალ ეს პროცესები ძალიან მძიმედ შეგვეხება“, – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“.
წყარო : რეზონანსი