“რეზოლუციის ტექსტის ამგვარი ფორმულირებით მიღება არც მორალურად და არც პრაგმატულად არ არის გამართლებული და წარმოადგენს ასევე მცდარი „არგაღიზიანების“ პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას.” – ასე აფასებს, საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS ), ”ქართული ოცნების” მიერ შედგენილ უკრაინისადმი მხარდასაჭერ რეზოლუციას სადაც, რუსეთი ნახსენები არ არის. ამასთან დააკვშირებით GRASS-ი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, გაუგებარია თუ ”რატომ საუბრობს რეზოლუცია „უკრაინაში“ სამხედრო ესკალაციაზე და ომზე, მაშინ როდესაც, ყველასთვის ნათელია, რომ კონფლიქტი რუსეთის ქმედებების შედეგად იქმნება უკრაინასა და რუსეთს შორის, ხოლო „უკრაინაში“ სამხედრო დაპირისპირება სწორედ კრემლის ნარატივია, რომელიც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კონფლიქტი უკრაინის შიგნით ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ რეგიონებთან ხდება”.
”საერთაშორისო საზოგადოების მთელი ყურადღება დღეს უკრაინისკენ არის მიმართული. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეს და კრემლის მტრულ რიტორიკას უკრაინის, ნატოს და მთლიანად დასავლეთის მიმართ, მთელი ცივილიზებული სამყარო ეწინააღმდეგება და მკაცრად აფასებს. საქართველოს პარტნიორი ქვეყნის ლიდერები საკუთარ გამოსვლებში ხშირად აღნიშნავენ, რომ მიმდინარე კრიზისი მხოლოდ უკრაინას არ ეხება და რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მთლიანად ევროპის, მათ შორის საქართველოს, უსაფრთხოების არქიტექტურას ემუქრება. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შემაშფოთებელი პასიურობის ფონზე, პარლამენტის ერთიან და პრინციპულ პოზიციას კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო და შიდა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
მმართველმა პარტიამ მის მიერ შედგენილ რეზოლუციაში საპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნები, რაც მათ შორის, მხარდამჭერ აქტში აგრესორი მხარის, რუსეთის დასახელებას გულისხმობდა, არ გაითვალისწინა და 1 თებერვალს პლენარულ სხდომაზე ერთპარტიული რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ დაამტკიცა.
სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ბოლოდროინდელ ესკალაციაზე ერთიანი, მრავალპარტიული და პრინციპული პოზიციიის მიღება. ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუცია ფართო მხარდაჭერის და შესაბამისად, საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი გამხდარიყო, რისი მოლოდინიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც ჰქონდათ, როგორც საპარლამენტო განხილვები, ასევე მიღებული დოკუმენტი, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და ეროვნული შეუთანხმებლობის ილუსტრაციად იქცა.
მივიჩნევთ, რომ ზეპარტიული რეზოლუციის მიღება როგორც უკრაინისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა, რომ საქართველო უკრაინის სოლიდარულია და მას რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პრინციპული და მკაფიო პოზიცია აქვს. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეზოლუცია ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და საფრთხეს, რომელიც დღეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებში ვლინდება და რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში გამოიხატა.
პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიღებულ რეზოლუციაში არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც იმ საფრთხის წყარო, რომელიც დღეს მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას საფრთხელ უქმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მთელ რეგიონში.
რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაციის, როგორც რეგიონში შექმნილი საომარი ესკალაციის მთავარი გამომწვევი აქტორის, იგნორირება დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვისაც, განსაკუთრებით, უსაფრთხოების იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო სწორედ კრემლის გამო დგას (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების გატაცება, ანექსიის საფრთხე). გარდა ამისა, რეზოლუციის ტექსტის იმგვარი ფორმულირება, სადაც არ არის გამოხატული მკაფიო პოზიცია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად ასუსტებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე.
თუმცა, გარდა რუსეთის ფედერაციის, როგორც ამჟამინდელი კრიზისის წყაროს, დასახელებისგან თავშეკავებისა, რეზოლუციის ტექსტი ბევრი სხვა მიმართულებითაც არის პრობლემური:
• სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მკაფიოდ არ არის დაგმობილი კრემლის მოთხოვნა, რომ შეიცვალოს ბუქარესტის 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები.
• უკვე წლებია, რაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) და უკრაინის (დონბასი, ლუგანსკი) ტერიტორიები, ხოლო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა – ანექსირებული. რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიული მოქმედებები ზემოთაღნიშნულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სეპარატისტული მოძრაობების შეიარაღება, არღვევს საერთაშორისო სამართლის არა ერთ ნორმას, მათ შორის, საზღვრების ძალისმიერი მეთოდით შეცვლისა და შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესახებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, რეზოლუციაში საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც არაფერია ნათქვამი ლუგანსკისა და დონბასის ოლქების ოკუპაციის, ასევე – ყირიმის ანექსიის შესახებ.
• რეზოლუციაში ვერ ვხედავთ მოწოდებებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ იმ ტერიტორიებიდან, სადაც უკანონოდ არიან განთავსებულნი და საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
• რეზოლუციაში არ არის ასახული მოწოდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების გამო, დაწესებული სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
• განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ საუბრობს რეზოლუცია „უკრაინაში“ სამხედრო ესკალაციაზე და ომზე, მაშინ როდესაც, ყველასთვის ნათელია, რომ კონფლიქტი რუსეთის ქმედებების შედეგად იქმნება უკრაინასა და რუსეთს შორის, ხოლო „უკრაინაში“ სამხედრო დაპირისპირება სწორედ კრემლის ნარატივია, რომელიც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კონფლიქტი უკრაინის შიგნით ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ რეგიონებთან ხდება.
მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუციის ტექსტის ამგვარი ფორმულირებით მიღება არც მორალურად და არც პრაგმატულად არ არის გამართლებული და წარმოადგენს ასევე მცდარი „არგაღიზიანების“ პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას.”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 74 ხმით ”ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდაჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის. 33-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა კი საერთოდ არ მიიღო. აღნიშნული რეზოლუციის ტექსტს ოპოზიცია არ ეთანხმებოდა და კენჭისყრის გადადებას და ტექსტის გადახედვას ითხოვდა თუმცა მმართველი გუნდის დეპუტატებმა რეზოლუცია კენჭისყრაზე მაინც გაიტანეს.