რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს – ინფორმაციას Financial Times შეერთებული შტატების სამხედრო ძალებისა და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, წვრთნები თებერვლის შუა რიცხვებში იგეგმება.
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ეს პუტინის მხრიდან რუსეთის ძალის დემონსტრირების მცდელობაა.
სამმხრივი მოლაპარაკება იგეგმება სამშაბათს ბერლინში
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, ბუნებრივია, “ვაიმარის სამკუთხედის” სახელით ცნობილი სამეულის შეხვედრის მთავარი საკითხი სწორედ უკრაინა-რუსეთის კრიზისია. პარტნიორები ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ვითარების ესკალაციაში და მოუწოდებენ რუსეთს, უარი თქვას უკრაინაში შეჭრაზე. რუსი ოფიციალური პირები განცხადებებში მართლაც აღნიშნავენ, რომ რუსეთი არ აპირებს ვინმეს თავს დაესხას, თუმცა ქმედებები და სამხედრო ძალის კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან საპირისპიროს ამტკიცებს.
დღეს დამატებითი განმარტება გააკეთა, ერთ-ერთ Youtube არხზე რუსეთის ელჩმა შტატებში. დიპლომატი განმარტავს, რომ დღევანდელი ყველა პრობლემის უკრაინასთან დაკავშირება არასწორია. აქვე, სვამს კითხვას, რატომ უნდა დაემორჩილონ წესებს, რომელიც რუსეთის მონაწილეობის გარეშეა შემუშავებული – ამ კითხვაზე პასუხს მოსკოვი ვაშინგტონისგან ელის.
რა სცენარით განვითარდება მოვლენები – მოლოდინები არის სხვადასხვაგვარი. Financial Times-ი შეერთებული შტატების სამხედრო ძალებისა და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს, მსგავსი წვრთნები ჩვეულებრივ შემოდგომაზე ტარდება – ამიტომ ექსპერტები და, მათ შორის, ბენ ჰოჯესი, აშშ ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ევროპაში ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან, ძალის მორიგი დემონსტრირების მცდელობაა.
შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის მახლობლად 83 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განალაგა და 14 კიდევ გზაშია. დასავლეთს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი უკრაინაში თებერვლის შუა რიცხვებში შეიჭრება. ამ ყველაფრის ფონზე, პარტნიორები უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას განაგრძობენ. გუშინ ღამით ჩავიდა უკრაინაში 650 ტონა ტვირთი ამერიკიდან – დღეს კი დიდმა ბრიტანეთმა კიევში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშავებენ სამხედრო მრჩევლებად და გაწვრთნიან უკრაინულ ძალებს.