“ჩემთვის პოლიტიკური პატივია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს.
ჩემთვის ადამიანური, პოლიტიკური, მორალური და პრაგმატული ვალდებულებაა, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. არ ეწყინება არავის, თუკი ვიტყვი, რომ ალბათ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ყველაზე მეტად ვისაც უნდა, თუნდაც ყველაზე მეტად ეგოისტურად, ადამიანობა რომ გადავდოთ გვერდით, პოლიტიკურ-ეგოისტურად, მისი გათავისუფლება, ვარ მე და რატომ.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის დროს, როდესაც ამ პარტიის დამფუძნებელი, მასშტაბით უმსხვილესი პოლიტიკოსი არის პატიმრობაში, ტყვეობაში და თავისუფლდება მათ შორის შენი დიდი ძალისხმევის შედეგად, მეგობრებთან და საქართველოს ასიათასობით მოქალაქესთან ერთად, ეს არის ჩემთვის არამარტო ადამიანური პატივი, პოლიტიკური პატივი, – ამბობს მელია.
ის სამთავრობო მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსაც ეხმაურება. ამბობს, რომ ეს საათნახევრიანი ჩანაწერია, დამონტაჟებულია და მასსა და მესამე პრეზიდენტს შორის შუღლის გაღვივებაზე ასობით ადამიანი მუშაობს.
ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის გაღვივებაზე მუშაობს ასობით ადამიანი. ასობით ანაზღაურებადი ადამიანი, როგორც სტრუქტურულად დანიშნულ დამტკიცებული, თანამდებობის პირები სადღაც-სადღაც დეპარტამენტებში და ასევე, მის მიღმა. ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის კონფლიქტი გაღვივდა, რისი საფუძველიც არ არსებობს, – ამბობს ნიკა მელია.
ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, დღეს რომ ამ საკითხზე საუბარი უწევს, მისთვის დამამცირებელია.