ბათუმში, ერთ-ერთი რესტორნის ქვითარი რუსულ ენაზეა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე დღის წინ, Facebook-ზე გავრცელდა ბათუმში მდებარე რესტორნის, „შეფპოინტის“ მიერ გაცემული ქვითრის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ქვითარზე ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზეა დატანილი.
კანონის თანახმად, ნებისმიერი საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი ტექსტი, ასევე ნებისმიერი ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი, აბრა, აფიშა, განცხადება თუ შეტყობინება ქართულ ენაზე უნდა იყოს.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტის, ქეთი მჭედლიშვილის განმარტებით, ქვითრების მხოლოდ უცხო ენაზე ბეჭდვა სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაა. მისივე თქმით, კანონი გვეუბნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ტექსტი ქართულ ენაზე:
„სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ამგვარ შემთხვევებში გასცემს ხოლმე რეკომენდაციას. ხშირია შემთხვევა, როცა მოგვმართავენ მომხმარებლები, ვისაც მხოლოდ უცხოურ ენაზე ხვდებათ რესტორნებში მენიუ.
აბრებსა და გარეთ განთავსებულ წარწერებზე მეტად ვრეაგირებთ, რადგან უფრო ადვილად შესამჩნევია ასეთი დარღვევები. ძირითადად, როცა დარღვევების შემთხვევაში რეკომენდაციებს გავცემთ, ითვალისწინებენ” – ამბობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტი.
რესტორან „შეფპოინტის“ ერთ-ერთი მენეჯერი, ინგა ლოჩოშვილი ამბობს, რომ ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობენ და ქვითრის ენაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
„მხოლოდ 6 თვეა გავიხსენით. ჯერჯერობით სურსათის უვნებლობა იყო ჩვენი პრიორიტეტი და ამაზე ვართ სრულად გადართული, თუმცა თუ ქვითრის უცხო ენაზე ბეჭდვა დარღვევაა, რა თქმა უნდა, ამას გამოვასწორებთ. გამოგვრჩა ეს დეტალი. აუცილებლად მივიღებთ რეკომენდაციებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისგან და კანონის შესაბამისად გავცემთ ქვითრებს” – უთხრა მან “ბათუმელებს”.