კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სამსახურში რეორგანიზაცია ჩატარდა და მსგავსი ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები გაერთიანდა.

უწყება წერს, რომ ამიერიდან, 17 სამსახურის ნაცვლად, ფუნქციონირებას გააგრძელებს 11 სამსახური, დასაქმებულთა რაოდენობა კი 381-დან 345-მდე შემცირდა.

სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა.

კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share