„თეატრებში ჩუმ-ჩუმად, ინტრიგებით, ნეპოტიზმით, არაგამჭვირვალედ და დისკრიმინაციულად ნიშნავენ ხალხს. გაინაწილებენ ტერიტორიებს კრიმინალებივით და მერე კიდევ პირი ექნებათ კრიმინალებივით შეკრული. დანარჩენები ამ ბუნდოვანი გადაწყვეტილებების ანაბარა უნდა ვიყოთ მიტოვებულები. არ გამოვა ასე. გვინდა, ვიცოდეთ, ვინ ინიშნება და რატომ ინიშნება, ვინც არ უნდა იყოს ის, გინდ დიდი რობიკო და გინდ ვინმე პატარა“, – ასე ეხმაურება დამოუკიდებელი რეჟისორი პაატა ციკოლია თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევის პროცესს.
„კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა“ – გასული წლის დეკემბრიდან კულტურის სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე ხშირად ქვეყნდება მსგავსი განცხადებები ამა თუ იმ სახელმწიფო თეატრში ჩაშლილი კონკურსის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თეატრის ხელმძღვანელი უნდა შერჩეულიყო. მას 4 წლის განმავლობაში უნდა წარემართა თეატრის საქმიანობა და ემართა თეატრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
ჩაშლილი კონკურსების შესახებ განცხადებებს მოსდევს მისალოცი წერილებიც – კულტურის სამინისტრო რომელიმე რეჟისორს ულოცავს სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას.
რა ხდება სინამდვილეში, რატომ იშლება კონკურსები და რატომ ინიშნებიან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობებზე უკონკურსოდ რეჟისორები; რა ნიშნით არჩევს მათ სამინისტრო და რა კითხვები აქვთ წულუკიანისა და სამინისტროში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მისამართით კრიტიკოსებს, თეატრმცოდნეებსა და დამოუკიდებელ რეჟისორებს.
ნიშანდობლივია, რომ მუზეუმების მსგავსად, თეატრებთან მიმართებითაც წულუკიანის გადაწყვეტილებებს მის პირად, პოლიტიკურ გემოვნებას უკავშირებენ და ამაზე მიანიშნებენ რესპონდენტები. თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლდნენ კადრები, რომლებიც „იყვნენ ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები. ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები“.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ თეატრში ვინმე განსხვავებულ აზრზს გამოთქვას, შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის ეს აზრი.
„მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის“, – თქვა მან 2021 წლის მარტში.
რამდენიმე დღის წინ კრიტიკოსები ღია წერილით გამოეხმაურნენ სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესს.
წერილში ყურადღება გამახვილებულია კანონის განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე სხვადასხვა კონკურსანტთან მიმართებაში; წერილის ავტორები კრიტიკულად აფასებენ მინისტრ წულუკიანის მიერ გამოცემულ დებულებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს შეუძლია, ჩაშალოს კონკურსი, თუ მიიჩნევს, რომ წარდგენილი კანდიდატები არ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში კონკურსანტის განაცხადი სარეკომენდაციო საბჭომდეც ვერ მიაღწევს. სარეკომენდაციო საბჭოსთან მიდის მხოლოდ იმ კონკურსანტების განაცხადები, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნია სამინისტრომ/მინისტრმა.
„მინისტრს აქვს უფლება, თუ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, კანდიდატი საერთოდ არ წარუდგინოს საბჭოს განსახილველად. თვითონ ეს ფრაზა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ჩემთვის არაფრისმთქმელია, რადგან, რის საფუძველზე არ მიიჩნევს მინისტრი, აუცილებლად უნდა ვიცოდე, აუცილებლად უნდა ახლდეს არგუმენტაცია ამ წინადადებას“, – ასე აფასებს კრიტიკოსი გვანცა გულიაშვილი იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ნიშნავენ თეატრებში ხელმძღვანელებს.
როგორც გვანცა გულიაშვილი ამბობს, რამდენიმე თეატრში ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაინიშნნენ სამხატვრო ხელმძღვანელები. რას ეყრდნობოდნენ მათი შერჩევისას, რა იყო მათი სამომავლო პროგრამები და რა არგუმენტებით იხელმძღვანელა მინისტრმა, უცნობია.
„არ მოსულა ჩვენამდე ამ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პრეტენდენტთა პროგრამები, მათი სამომავლო სამოქმედო გეგმა და არც არანაირი ინფორმაცია გვაქვს, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა მინისტრმა კონკურსს გარეშე დანიშნულიყვნენ სამხატვრო ხელმძღვანელები, მაგალითად – გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი; რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა; ასევე, მოზარდ-მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი და ა.შ“, – ამბობს გულიაშვილი.
წყარო : publika.ge