ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება – სხდომას მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

უფლებადამცველები დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას. ადვოკატების თქმით, ჩუბინიძის გამოკითხვა დაადასტურებს, რომ ის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის გაფლანგვასაც გამოძიება მესამე პრეზიდენტს ედავება, სრულიად ლეგალურია.

“ვითხოვთ, დაიკითხოს ბატონი ანზორ ჩუბინიძე და იმედი გვაქვს, ის სასამართლო პროცესზე გამოცხადდება. ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა კიდევ ერთხელ ნათელს მოჰფენს ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას არაფერი გაუფლანგავს და ის ხარჯები, რასაც ბრალდება ედავება მათ, არის სრულიად ლეგალური”, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს წარმომადგენლობით ხარჯს ედავება და ამტკიცებს, რომ გაფლანგულია დაახლოებით 9 მილიონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share