“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პლენარულ სხდომაზე მივა.
“პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ვერ შედგა, სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა “ლეიბორისტული პარტიის” პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ეს მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რისი გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ ფრონტს, რასაც ჰქვია ანტი სახალხო კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობის სახით”, – თქვა ნათელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას გეგმავს. ნათელაშვილის გარდა კიდევ ორი ოპოზიციონერის – ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 თებერვალს იმსჯელა და საკითხს მხარი დაუჭირა.
შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად განიხილება პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.