აპოლონ წულაძე – ასკანაზე, ასკანის ბანკზე, სოლომონ ჭეიშვილზე, “თავისუფალი ცხოვრებისათვის” გაშავებულ ქალზე, ასკანელ მასწავლებლებზე და მღვდლებზე

აპოლონ წულაძე – ასკანაზე, ასკანის ბანკზე, სოლომონ ჭეიშვილზე, “თავისუფალი ცხოვრებისათვის” გაშავებულ ქალზე, ასკანელ მასწავლებლებზე და მღვდლებზე
*
ასკანა ძალიან დაწინაურდა ყოველმხრივ. ვისის წყალობით? სახელი ეკუთვნის უკვე ცნობილს ასკანის მოღვაწე ინტელიგენტს მამასახლის ბატონ სოლომონ ჭეიშვილს და ასკანის სკოლის მასწავლებელთ, უმთავრესად კი ივლიანე ჭეიშვილს.
*
ოთხი წელიწადია, რაც სოლომონ ჭეიშვილი ამ საზოგადოებას უსასყიდლოდ ემსახურება და გარდა სკოლის გაორკლასიანებისა, მისის შენობის აგებისა, სამკითხველოს დაარსებისა, ბანკის დაარსებისა, ბევრი სხვაც შეუძენია სოფლისათვის: მარტო გზა რამდენი გაუკეთებიათ მისის ჩაგონებით და მოანწილეობის მიღებით; ერთის სიტყვით, მას იმდენი ნდობა დაუმსახურებია საზოგადოებისა, რომ არამცთუ გლეხნი ენდობიან, არამედ სხვა აქაურნი მემკვიდრენი უმისოთ ვერა საქმეს ვერ აკეთებენ. ჭეიშვილსავე ნდობის თვალით უცქერიან და ყოველსავე საზოგადო საქმეში ეწევიან აქაური მოსწავლე ახალგაზრდები (ერთი აკადემიაშია, 1 უნივერსიტეტში, 4 სასულიერო სემინარიაში, 2 იალტაში კურს-დასრულებულიც ყავს ეხლა ასკანას).
*
ეხლა მოგახსენებთ ბანკის ექვსი თვის ანგარიშზე.
*
20 ივლისს სკოლის დარბაზში იყო საზოგადო კრება ბანკის წევრთა. ამდენი ხნის კაცი ვარ, დავსწრებივარ ბანკის კრებებს ტფილისსა და ქუთაისში, მაგრამ მე იქ უსიამოვნობის მეტი ვერა-რა მიგრძვნია, რადგან იქ ვხედავდი უმეტესობას პირადობით აღჭურვილს. საქმეზედ იმდენი გული არ შეტკივოდათ, რამდენიც ენის მოფხანა უნდოდათ ერთმანეთის მიწასთან გასწორებით. აქ კი სულ სხვა იყო! აქ ყველა ერთის აზრით იყო გამსჭვალული: ეს ახალი საქმე კარგად წავიყვანოთო.
*
კვირა საღამოა, სკოლასთან თავი მოუყრიათ ქალებსა და კაცებს. კრების დაწყებამდე ზოგს მეზობლური მასლაათი გაუმართავს, ზოგი-კი ბანკის შესახებ მსჯელობს. 10 საათზე კრებაც გაიხსნა ს. ჭეიშვილის თავმჯდომარეობით. კრებას დაესწრო სხვათა შორის 22 ქალიც. როგორც ამ კრებიდან გავიგეთ, მოქმედება დაუწყიათ 2 იანვარს ამა წლისას; ყოფილა მაშინ 50 დამაარსებელი წევრი, დღეს კი ე.ი. ექვსი თვის შემდეგ, პირველ ივვლისს იყვნენ 179, მათში ქალი 21. ამავე კრებაზე წევრობის სურვილი განაცხადა 28 (მათ შორის 6 ქალი), უყარეს კენჭი და ერთი მათგანი ქალი, რომელიც აპრილში გამართულ კრებაზეც გაეშავებინათ, ეხლაც გააშავეს (22 თეთრი და 61 შავი). მიზეზად ქალის თავისუფალს ცხოვრებას ასახელებენ. არ მიიღეს ერთი კაციც მცირე წლოვანების გამო. დანარჩნებსაც კი დიდის სიფრთხილით მოექცნენ, მაგრამ მაინც ხმების უმეტესობით მიიღებულ იქნენ.
*
ბანკს განაგებს გამგეობა და საბჭო. გამგეობის წევრები არიან: მღვდელი სარდიონ ჯინჭარაშვილი, მასწავლებელი ივლიანე ჭეიშვილი და ეფრემ თალაკვაძე. საბჭოში კი: სოლომონ ჭეიშვილი, აზნაური ივლიანე შევარდნაძე, პრაპორშიკი ვლად. სიამაშვილი, მწერალი ყარამან ნინიძე, ალექსი ჭელიძე და ივლიანე ცქვიტინიძე.
*
რადგანაც ერთი გამგეობის წევრი ეფრემ თალაკვაძე უმაღლესს სასწავლებეში მიდის, ამიტომ სამსახურს თავი დაანება და კრებას მის მაგიერი უნდა აერჩია. პირველად კრებამ ფეხზე ადგომით დიდი მადლობა გადაუხადა თალაკვაძეს ბეჯითის უსასყიდლო სამსახურისათვის და შეუდგა მაგიერის არჩევას.
*
ამ საგანმა დიდი თათბირი გამოიწვია, თავმჯდომარე თხოულობს დაასახელონ კანდიდატი. კრება მდიმარებს არ იცის ვინ დაასახელოს, ვის ენდოს, საბჭოს წევრობიდგან გამოირიცხე და გამგეობის წევრად შეირაცხეო, მაგრამ ის გადაწყვეტილ უარს ამბობს მოუცლელობის გამო, თან ასახელებს როგორი საიმედო და ცოდნის კაცია საჭირო. კრება სთხოვს მამას ეფრემ თალაკვაძისას მღვდელ ექვთიმეს, ექვთიმეც ასახელებს მიზეზად მოუმზადებლობასა და მოუცლელობას, სთხოვს კრებას ეძიონ უკეთესი და თუ ვერ იშოვნიან უკეთესს, ის არ დაზოგავს თავის ძალღონეს. კრება კვლავ სდუმს. თავმჯდომარე: ბატონებო, დაგვისახელეთ კანდიდატი და კენჭს ვუყრით. კრებიდგან ეუბნებიან: დაგვისახელეთ თქვენ, გვირჩიეთ ვინ ვარგა და ჩვენ თანახმა ვიქნებით თქვენს არჩევანზე, მართალია კაცები ბევრი გვეგულვება ბათუმში, ქუთაისში, მაგრამ აქ კი თვენს მეტს ვერავის ვხედავთ, როგორც დაგვიარსე იგი საქმე ისე მოუარე კიდეცაო. . .
*
დიდის კამათის შემდეგ, დაუდგეს ყუთი დიაკვანს სიმონ შარაშიძეს, (რომლის არჩევაც უკენჭოთ ისურვეს, მაგრამ კანონით არ მოხერხდა) ამოუვიდა თეთრი 86 შავი 3. ამრიგად ასკანაში მღვდლებიც ერევიან საზოგადო საქმეში და ხალხიც მათ ნდობის თვალით უცქერის, გვიკვირს, მხლოდ ერთი აქაური მღვდლის ხასიათი, რომელიც ზედვე სკოლასთან სცხოვრობს და „ჩინოვნიკი“ ვაჟი ჰყავს. ის თურმე არც ბანკის წევრია და არც სხვა აქაურ საზოგადო საქმეში იღებს მონაწილებას.
*
ეხლა მოგახსნებთ ბანკის მოქმედების წეს-რიგს. ის ეკუთვნის მარტო ასკანის საზოგადოებას, ფულს ასესხებს 12% ე.ი. თუმანს ორ შაურათ ასესხებენ 9 თვემდე, ამ ექვსი თვის განმავლობაში უსარგებლია 143-ს. მათში ზოგს ორ-სამჯერაც გაუტანია ვისაც გემო გაუცვნია, ამას დიდათ შეუმცირებია ასკანაში ჩარჩების ფარფაში, ეხლა ისინიც, თურმე, სამ შაურად ასესხებენ თუმანს, წინად კი 40 კაპ. იღებდნენ. კრების დასასრულ ეფრემ თალაკვაძემ მადლობა უძღვნა საზოგადოებას და უსურვა საქმის ბოლომდე კარგად წაყვანა, საზოგადოებას მისი მადრიელი დარჩა და უსურვა სწავლის დამთავრება და შემდეგ კიდევ სოფლის სამსახური. კრება გათავდა შუაღამის 3 საათზედ, მაგრამ რადგან წვიმა იყო, ძრიელ ბნელოდა კიდეც, ამიტომ გათენებას დაუცადეს და მანამდე სიმღერით გაერთვნენ. არ შემიძლია დასასრულ არ მოვიხსენიო ის გარემოება, რომ ასეთივე დაწესებულება აქვს ბახვს, ოზურგეთს (ჰქონდა ხიდის თავს), მაგრამ ასე კარგად არსად არ არის დაყენებული.
*
აპოლონ წულაძე – გაზეთი ცნობის ფურცელი 1897 წელი #278
*
ფოტო – ასკანის ეკლესია და სამკითხველო 1905 წელი
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share