სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება. აღნიშნული დაწესებულებებისათვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
კანონპროექტის ავტორი “ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა კახიშვილია.
„დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“, – განაცხადა კახიშვილმა.
პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 94 ხმით მიიღო.