ვინ არის 109 წლის ქალი, რომელმაც ორი მსოფლიო ომი გამოიარა და “ისპანკა“ და კოვიდი დაამარცხა?

გერმანელმა ქალბატონმა მინა ჰენმა, რომელმაც სულ ახლახან დაამარცხა კორონავირუსი, ოჯახის წევრებთან ერთად 109 წლის იუბილე აღნიშნა.

„დიახ, იმაზე უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე გასულ წელს“, – ამბობს მინა, რომელიც თებერვალში 109 წლის გახდა. გასულ წელს, პანდემიის გამო, ის ოჯახის წევრებს მხოლოდ დისტანციის დაცვით ნახულობდა. „ოჯახის მსგავსი „გაყოფა“ ჩემთვის ძალიან რთული იყო“, – ამბობს ის.

ფიქრი სახლზე

როგორც თავად მინა ამბობს, 105 წლამდე ის საკუთარ სახლში დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ყოველდღიურ საქმესაც თავად უმკლავდებოდა, შვილი კი დედას რეგულარულად ნახულობდა და ცხელი კერძებიც მიჰქონდა. ახლა ის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს…

„რას გააკეთებდით, ახლა სახლში რომ იყოთ?“, – ჰკითხა იუბილარს კორესპონდენტმა, მან კი უპასუხა: „არაფერს, ალბათ ვიზარმაცებდი“.

მოხუცთა თავშესაფარში მინა ყველას ძალიან უყვარს. მას შობამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმები და თავშესაფრის წარმომადგენლები ძალიან ნერვიულობდნენ, როგორ დაძლევდა ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი ვირუსს. ორი კვირის განმავლობაში ის კარანტინშიც იმყოფებოდა. მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მას სახსრების ტკივილი და უმადობაც აწუხებდა. იმისთვის, რომ მინას სრულად არ ეთქვა უარი საკვებზე, მის შვილიშვილს უფლება მისცეს, ბებოსთან მისულიყო და საკვები მიეტანა.

mina2-1645086977.jpg

როგორც ცნობილია, მინა პირველი და მეორე მსოფლიო ომების მომსწრეა, მან დაძლია „ესპანური გრიპი“, ახლა კი კორონავირუსსაც გაუმკლავდა.

ასაკოვან ქალბატონს ხშირად ეკითხებიან, რა არის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო, თუმცა ის მხრებს იჩეჩავს და ამბობს: „როცა ირგვლივ ყველაფერი კარგადაა, მაშინ ცხოვრებაც ადვილი და მშვენიერია“.

ჟურნალისტმა მინას უხერხული კითხვაც დაუსვა და ჰკითხა, კიდევ რამდენ ხანს ისურვებდა სიცოცხლეს? რაზეც მან უპასუხა: „თანდათან დასასრულს ვუახლოვდები, თუმცა ჯერ სიკვდილი საერთოდ არ მინდა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share