“ბიძინა შესანიშნავად ასრულებს „პატრონის“ დავალებებს, რაც შეიძლება მაგრად გაართოს პუტინი” – გია ბუღაძე

“მე წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, ასე ჩანს, რომ ქვეყანას მომავალი არ უწერია და ხატვითაც ისეთი არაფერი მეხატინება, მაინცდამაინც კეთილ მომავალს ვხედავდე!”, – აღნიშნა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას მხატვარმა გია ბუღაძემ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის მწვავედ ეხმაურება.

“ჩვენ სრულიად გაგვინადგურა ბიძინამ ყველაფერი! კაცმა, რომლის ვინაობაც მხოლოდ ერთი წინადადებით შემიძლია ავხსნა… ხომ გახსოვთ, მისი მოყოლილი უკბილო ანეკდოტი, – “შედი ქალო “ბუტკაში”, არ შევალ არ ვარ “იმნაირიო”… აი, ზუსტად იმნაირები გაგვხადა და “ბუტკაში” ჩაგვსვა ამ ადამიანმა! ყველა ღირსება აგვყარა, “ბუტკის” ადამიანებად გვაქცია.

ნამდვილად ვერ ვხედავ ვერაფერ სიკეთეს! სახელმწიფო, ფაქტობრივად, მიტაცებულია, ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია. სფერო არ არის, დამოუკიდებელი იყოს და მოშლილი არ იყოს. არსად ხდება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

კულტურის სფერო დღეს სრულიად ჩეკისტური ხერხებით იმართება! ხელოვანებიც ხომ იცით, როგორები არიან: თუ მოეფერები, ბავშვებივით არიან და თუ ცოტა ფულს გადაუგდებ, “ცუციკებივით”, ლაქიებივით ხდებიან… ამ დროს, მე ასე მგონია, რომ ნამდვილ ხელოვნებას მართლაც დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები ქმნიან. დღეს თავისუფალი ხელოვანი ძალიან ცოტაა საქართველოში. თან, ნახეთ, როგორებს ზრდიან, ეს სრულიად უსახურები.. საერთოდ, ავტორიტეტი რომ აღარ არსებობდეს ვინმესი, მსხვრევაა პირდაპირ…

ამას წინათ ვუსმენდი დავით ლორთქიფანიძის ინტერვიუს, მეცნიერისას, რომელსაც იმდენად აურაცხელი ნაშრომი აქვს, ჩამოთვლაც კი გამიჭირდება. რამდენი პრემია აქვს აღებული, საერთაშორისო დონეზეა აღიარებული მისი დამსახურება და ვიღაც ღლაპი როგორ იხსენიებს?! ვიღაც იურისტი… ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის საქმეში, მაგრამ აქ რა უნდა, კულტურის სფეროში?!

ადამიანს რომ ცხოვრებაში ერთი წიგნი არ ექნება წაკითხული… იქ გარეწრები სხედან და დათო ლორთქიფანიძეს, ფაქტობრივად, ქურდბაცაცას და გაიძვერას ეძახის ეს მართლაც ვიღაცა… იულონ გაგოშიძეზე როგორ შეიძლება ენა მოგიტრიალდეს და თქვა, საბჭოთა მეცნიერიაო?! მისმა აღმოჩენილმა და დათარიღებულმა რამდენმა ობიექტმა ჩვენს მუზეუმებში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა! საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ ხალხო, ესენი ვინ არიან?!

ბიძინა შესანიშნავად ასრულებს „პატრონის“ დავალებებს, რაც შეიძლება მაგრად გაართოს პუტინი. იქიდან დაავალეს, სადისტურად, უსამართლოდ (სამართალი საერთოდ სად არის საქართველოში?!) მოექცეს და დარწმუნებული ვარ, რა დიდი სიამოვნებით უყურებს პუტინი სააკაშვილის წამების კადრებს. ჩემდა გასაკვირად, რატომღაც ამ კადრებს არ აქვეყნებს ქალბატონი თოლორაია. კარგი იქნება, თუ გამოქვეყნდება და ყველა ნახავს, რა კადრებით იღებდა დიდ სიამოვნებას ივანაშვილი (აუცილებლად ივანაშვილი დამიწერეთ, ეს არის მისი ნამდვილი გვარი!). ამ კადრებს ასეთივე სიხარულით უყურებენ მოსკოვშიც, კრემლშიც… ეს არის იქიდან დავალება, რისთვისაც ჩამობრძანდა ბიძინა და ჯერჯერობით ყველანი “ბუტკაში” შეგვტენა! კი ვიძახეთ, არ ვართ “იმნაირებიო”, მაგრამ “იმნაირები” გაგვხადეს, ოღონდ მე და თქვენ არა! ჩვენ არასოდეს გავხდებით იმნაირები!

თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის ვერანაირ მომავალს ვეღარ ვხედავ. ქვეყანაში არის რამდენიმე ასეული “ქოცური”, გამდიდრებულ-გაზულუქებული ოჯახი და გაღატაკებულ-განადგურებული მოსახლეობა. ამ ადამიანების უმეტესობა ქვეყნიდან გარბის სარჩო-საბადებლის საშოვნელად და ხალხის გაქცევა ყველაზე მაგრად “ქოცებს” აწყობთ… იქიდან გამოგზავნილი ფული ბიუჯეტს ავსებს, ბიუჯეტი კიდევ მაგათია და ყვლეფენ. თან ყველაფერს აძვირებენ და იმდენად თამაშობენ დოლარის კურსით, სრული თაღლითობაა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდება, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ საქართველოში რაც შეიძლება ცოტა ხალხი დარჩება და ქვეყანაში ორი განცდა – სიღარიბის და შიშის განცდა იქნება!” – აცხადებს გია ბუღაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share