“ქართული ოცნების” განცხადებაში ახალ დოკუმენტზე, ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეც არის საუბარი. მმართველი გუნდი წერს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ გამოძიების დაწყების შემდეგ პოლიტიკურ სტატუსს “შეაფარეს თავი”, ხოლო ნიკა გვარამიამ ჟურნალისტურ საქმიანობას.
“ოცნებაში” ამბობენ, რომ ამ საქმეებში სამართლის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთნენ:
ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას – ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული.” ნათქვამია ოცნების განცხადებაში.