24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ. აი, როგორ გამოეხმაურა მსოფლიო კრემლის აგრესიას:
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
„პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. გრძელდება დარტყმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ეს თავდასხმითი ომია. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია პუტინის შეჩერება და მათ ეს უნდა გააკეთონ. ახლა მოქმედების დროა“
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
“პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ დაგეგმილი ომი, რომელიც მოიტანს ადამიანთა სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანების ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილზე და ნგრევაზე, რომლებსაც ეს შეტევა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები ამას ერთიან და გადამწყვეტ პასუხს გასცემენ. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს”
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
„პრეზიდენტმა პუტინმა ომი დააბრუნა ევროპაში… ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს და შევზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებზე და ბზარებზე, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობისაა რუსეთისთვის. ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობას.“
ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის მესვეური ჟოზეპ ბორელი
„ეს ევროპისათვის ყველაზე მძიმე დროა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… ევროკავშირი ყველაზე შესაძლებელ პასუხს გასცემს და შეთანხმდება სანქციების უმკაცრეს პაკეტზე, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.“
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
„ჩვენ განვახორციელებთ სრულ პაკეტს, სადაც შევა ყველაზე მასიური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გავაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს მოკავშირეებს.“
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მისი სამხედრო ოპერაცია.“
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი
„პრეზიდენტმა პუტინმა არჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა, დაიწყო რა არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.“
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
„ეს საერთაშორისო კანონების უხეში დარღვევაა და სერიოზული მუქარა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ… ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვარ ამ უმძიმეს დროს. ნატო ყველაფერს იზამს, რომ დაიცვას ყველა მოკავშირე.“
პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა
„მე მოწოდებით გამოვდივარ, შეწყდეს სამხედრო ოპერაცია და უკრაინას თავი დაანებონ. ყველაფერს ვიზამ, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში.“
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
“ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის მოწოდებით გამოვდივართ”.
რადიო თავისუფლება