მოძრაობა “აი იას“ დამფუძნებელი, გია გაჩეჩილაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონას სურს, საქართველო ომში ჩართოს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უკრაინელების მიმართ საკმარისი მხარდაჭერა გამოხატა.
“სოლიდარული არ ვართ? ყველა აივნიდან უკრაინის დროშა ფრიალებს. ლტოლვილები შევიფარეთ და რავიცი ყველაფერს ვუკეთებთ, სანქციებმა გადაწყვიტა მაინც? მოლდოვაში რატომ არ არის ეს სიტუაცია? მათაც ხომ იგივე პოზიცია დააფიქსირეს? საქართველო უნდათ ომში ჩართონ ამ ბრძოლაში. ერთადერთი შვილიშვილის სიცოცხლეს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ და მთელი ამბავი ამიტომ მიდის.
ჩვენი საქმეა რომ ამას არ წამოვეგოთ. პარლამენტარებო თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ერთიანობის. იმ ახალგაზრდებს მივმართავ, ვინც პატრიოტულად არიან განწყობილი, თქვენ შემოგევლეთ, არ მოგატყუოთ მეხუთე კოლონამ. ეს პატარა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. ყველას გვტკივა უკრაინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ მეორე ფრონტი გავხსნათ.
2008 წელს სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავით ჩვენ, მაგრამ გვერდში დავუდექით პირველივე დღეს. აქ რომ ომი დაიწყოს, პირველ რიგში თქვენთან მოვალთ ავტომატებით, შინაურ მტრებს მოვუღებთ ბოლოს და მერე მივხედავთ რუსებს” – ამბობს გაჩეჩილაძე “ტვ იმედთან” საუბარში..