„ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვა, მოლაპარაკებებზე უარის თქმის ნაცვლად“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი საყვარელი საქართველო კვლავ პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. დიდი ხანი არ არის, რაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, თუმცა ასევე იყო ბევრი ხარვეზი. ოპოზიციამ ამ ხარვეზებს სერიოზული უწოდა და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, უარი თქვა ოპოზიციის ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ოპოზიცია, რომელსაც ექნება 150-დან 60 ადგილი ახალ პარლამენტში, ახალი პარლამენტის ბოიკოტირებით იმუქრება“, – წერს კუბილიუსი.
მისივე თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ, რათა თავიდან აიცილონ ღრმა პოლიტიკური კრიზისი.
„ამ კვირების განმავლობაში მე პირადად მქონდა საუბარი საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვა, მოლაპარაკებებზე უარის თქმის ნაცვლად. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისში საბოლოო კონსენსუსის მიღწევა მაინც შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახალი არჩევნები გამართვაზე შეთანხმება არ შედგა“, – აღნიშნავს კუბილიუსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია.
„ჩემი აზრით, არ შეიძლება, დავივიწყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა შეთანხმდნენ ქართული პარტიები პარლამენტის ეფექტიან მუშაობაზე: ეს არის განსაკუთრებული პერიოდი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ნატო-ს შტაბ-ბინა განიხილავს უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. თავის მხრივ, საქართველოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არიან, 2024 წელს ევროკომისიაში ოფიციალური განაცხადი შეიტანონ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც მხარეებს შორის კონსენსუსი სჭირდება. ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი ძლიერდება. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთვის ისტორიული შესაძლებლობის პერიოდი. ამ შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებისთვის საქართველოში საჭიროა ქმედითი პარლამენტი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.