“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში “მთავარი შაბათს” ამბობს, რომ ის დასავლეთს ემსახურება, მაგრამ პერიოდულად იღებს დანას ზურგში დასავლეთის ქვეყნების ზოგი წარმომადგენლისგან. ამ წარმომადგენლებს შორის ერთერთი, ვინც ნიკა გვარამიამ დაასახელა, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანია.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს პარლამენტი არის უკანონო. სხვათა შორის, აშშ-ს სიტყვაც არ დაუძრავს და არ მიულოცავს ამ ხელისუფლებისთვის გამარჯვება არჩევნებში. ვისი მანდატით მივიდა ქალბატონი კელი პარლამენტში? მე არავის დაცვა არ მჭირდება, არავის არ სჭირდება ნაჩუქარი თავისუფლება, ჩვენ გვჭირდება ელჩებისგან სიმართლე პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტპატიმრებზე. მე არ მახსოვს ამ ორი ელჩისგან ჩემი და ჩემი ოჯახის დევნაზე საჯარო განცხადებები, – ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც მეორე ელჩში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს გულისხმობს.
ამავე დროს, ნიკა გვარამიამ გაიხსენა აშშ-ის ელჩის მოადგილესთან მისი საუბრის აქამდე უცნობი დეტალები, სადაც დიპლომატმა გიორგი რურუა “შეიარაღებული ბანდის მეთაურად” მოიხსენია.
დიახ, მე პერიდულად ვიღებ ზურგში დანას, იმის მიუხედავად, რომ ვემსახურები დასავლეთს. დანას ვიღებ ზურგში, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოსგან, ვიღებ დანას იგივე კელი დეგნანისგან, რომლის მოადგილე გიორგი რურუასთან დაკავშირებით მეუბნება, რომ მისი პატიმრობა კი არ არის სირცხვილი, არამედ ის, რომ რურუა ჩემი ტვ-ს ერთერთი დამფუძნებელია, რადგან ის, თურმე, არის “შეიარაღებული ბანდის მეთაური” – ამ დეტალებზე ღიად ახლა პირველად ვსაუბრობ, – თქვა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი შაბათს”.