ამსტერდამის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფას აანონსებს.
სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათთვის “შეუძლებელია ფუნქციონირების გაგრძელება და მრევლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული და მძიმედ მისაღებია”.
მოსკოვის პატრიარქმა კირილმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა, მხარი დაუჭირა კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ, უკრაინელებს კი “ბოროტი ძალები” უწოდა. მისი თქმით, უკრაინაში ომის მიზეზი ლგბტქ პრაიდებია, რომლებიც დასავლეთში ტარდება.
ჰოლანდიაში მცხოვრები რუსი სასულიერო პირების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ “კანონიკური გათავისუფლების” თხოვნით მიმართეს რუსეთის ეპარქიის ეპისკოპოსს ჰააგაში.
მათივე განცხადებით, სურთ, შეუერთდნენ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქედ განიხილება.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამსტერდამში 4 მღვდელს და ერთ დიაკონს აერთიანებს. ისინი რუსეთის როლს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან მწვავედ აკრიტიკებენ.
გასულ კვირას მათ განაცხადეს, რომ ლოცვებში რუსეთის პატრიარქ კირილს აღარ მოიხსენიებენ.