სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია.
„მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.
მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.
კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.