საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე სიტყვით წარსდგა. მან გააკრიტიკა პარლამენტი და თქვა, რომ საზოგადოება დღეს პარლამენტარებზე ფხიზელი და შეგნებულია. „არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე,“ – აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დღეს მოქალაქეებმა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ერთიანობა გამოავლინეს. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უკრაინის დამსახურებაა – „დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი,“. პრეზიდენტი დასძენს, რომ დღეს ყველასთვის და მათ შორის, საქართველოსთვის გარდამტეხი მოვლენაა, რამეთუ გამოწვევებთან და ომებთან ერთად, ასეთ მომენტებს შესაძლებლობებიც მოაქვთ. „ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით – ეს დრო აღარ დაბრუნდება!,“ .