როგორ ვიქცევით, თუკი რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოვჩნდებით?

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეიჭრნენ და გავრცელდა ცნობები ჯერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავების, ხოლო 4 მარტის ღამით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ, უკრაინა და მსოფლიო გამოუსწორებელი საფრთხის შესახებ ალაპარაკდა.

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების გამო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ევროპას გამოღვიძებისკენ მოუწოდა:

„უკრაინა, ეს არის 15 ბირთვული ბლოკი და თუ აფეთქება მოხდება, ეს არის ყველას დასასრული, ევროპის დასასრული და ევროპის ევაკუაცია“, – თქვა მან 4 მარტის დილას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამ დროისათვის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს. ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები, ამ მომენტისთვის, არ მიმდინარეობს.

გარდა მაღალჩინოსნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებისა, რომელიც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხება, საფრთხის განცდა გაუჩნდათ რიგით მოქალაქეებსაც. სოციალური ქსელები გაივსო კითხვებით, რჩევებითა და რეკომენდაციებით, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუკი გავრცელდება ცნობა მათ სიახლოვეს რადიაციული დაბინძურების შესახებ. როგორ უნდა შეიტყონ მათ ამის შესახებ და ვისგან. უკრაინელი ექიმები ავრცელებენ ვიდეო-რეკომენდაციებს, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად აიცილოს თავიდან რადიაციული დასხივების მაღალი ხარისხი.

მსგავსი კითხვები აქვთ საქართველოს მოქალაქეებსაც. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი საფრთხე გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს და თუკი ქვეყანა რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოჩნდება, რამდენად დროულად მიიღებენ ისინი ინფორმაციას დაბინძურების შესახებ და როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დასხივების ხარისხი?

საქართველოში ბირთვულ და რადიაციულ სფეროს არაერთი სახელმწიფო უწყება და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკონტროლებს. მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჯანდაცვის სამინისტრო, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ა.შ.

4 მარტს რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში რადიაციული დაბინძურების არანაირი საფრთხე არ არსებობს და უწყებები, მათ შორის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო კომენტარის გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავენ: „არ არის საჭირო ზედმეტი პანიკა, ჩვენ ვმსჯელობთ ამაზე და მოგვიანებით გადავწყვეტთ, რა ტიპის კომუნიკაცია გვექნება, განცხადება გაკეთდება თუ სხვა რამ. ამ ეტაპზე, არანაირი საფრთხე არ არის“, – გვითხრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, საქართველოს საზღვარი მთლიანად აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით და რადიოქტიური ნივთიერების გამოვლენა ხდება ავტომატურად.

ამ ეტაპზე, საქართველოს რადიაციული დასხივების საფრთხე არ ემუქრება. მაგალითად, ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის ქსელის პორტალზე განთავსებული რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურების რუკის თანახმად, რომელიც რეალურ დროში გვაჩვენებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული დაბინძურების ხარისხს, საქართველოს მთელი ტერიტორია მწვანე ზონადაა მონიშნული.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share