ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო საგანგებო მინისტერიალი გამართა. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს და კოორდინაცია გაუწიეს ალიანსის პასუხს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. „არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა, მზად ვართ მისთვის” – ასეთი შინაარსის პასუხი კი ალიანსისგან უკრაინის იმ წინადადებას გაეცა რომლის მიხედვითაც „ესკალაციას მხოლოდ დახურული ცა შეაჩერებს”.
სხდომას ევროკავშირთან ერთად დაესწრნენ ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელშია ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბირთვული სტრუქტურის მთლიანობის ამ დაზიანებას, სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, მოსთხოვოს რუსეთს შეწყვიტოს ყველა სახის თავდასხმა”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გამიზნული აგრესიის შემდეგ, ეს ალიანსი გაერთიანდა სწრაფად, ერთიანად, გადამწყვეტად, დაუყოვნებლივ ჩაუშვა სწრაფი რეაგირების ძალები ნატო-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამბობს, რომ თითოეული მოკავშირე უკრაინას სხვადასხვა ფორმით ეხმარება.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირისთვის ისტორიული მომენტია, რომ იყოს უფრო ერთიანი და ეფექტიანი, განიხილება ყველა ვარიანტი.
„ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვხედავთ სრულმასშტაბიან ომს ჩვენ საზღვრებთან, პრეზიდენტ პუტინის ომს უკრაინის წინააღმდეგ. სრულიად გაუმართლებელ ომს, რომელიც იწვევს უზარმაზარ სამოქალაქო მსხვერპლს და გამოყენებულია ჟენევის კონვენციით აკრძალული შეიარაღება.
„ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლა არის საუბრისა და ერთად დგომის დრო. ახლა არის დრო, როდესაც ტრანსატლანტიკური ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. ჩვენ, ევროკავშირმა გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სანქციების დაწესება, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების, რომელიც რუსეთის ეკონომიკას დიდად აზიანებს.
„მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი და აღფრთოვანებული ვართ უკრაინის არმიის, ხალხის და მთავრობის სიმამაცით. ახლა ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანია, რადგან არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის. ნატო-სგან ველოდები ძლიერ ერთობას და მოქმედებებს შესაძლებლობის ფარგლებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის ერთობა სანქციების ირგვლივ, რომელიც იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი.
„განსაკუთრებით, ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული სანქციები. უნდა იყოს ერთობა შენარჩუნებული, თუ როგორ ვაძლევთ უკრაინას შეიარაღებას. პირველად ხდება, როდესაც ჩვენ ჩართული ვართ ამ სახის ოპერაციებში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისთვის, რომ იყოს უფრო ერთიანი და უფრო ეფექტიანი. განვიხილავთ ყველაფერს. ყველა ვარიანტი განიხილება”, – აღნიშნა ბორელმა.
რაც შეეხება თავად ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პოზიციას, ამბობს, რომ ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ის თავდაცვითი ალიანსია, რომელიც რუსეთთან ომისკენ და კონფლიქტისკენ არ ისწრაფის. ამასთან, მან უკრაინაში რუსეთის ქმედება დაგმო, მათ შორის ყველაზე მთავარი თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე და ასევე ატომურ სადგურზე.
აქედან გამომდინარე სტოლტენბერგი ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ომის დასრულება, რუსეთის მიერ თავისი შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიებიდან გაყვანა და დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართვა.
„ნატო-ს მოკავშირეებმა უპრეცედენტო სანქციები დააწესეს. ჩვენ ვახორციელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ამავდროულად, ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი, ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან. ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა, ჩვენს ვალდებულებასთან დაკავშირებით დავიცვათ ყველა მოკავშირე, ამიტომ ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს ძალები ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში. ეს თავდაცვითი წარმომადგენლობაა. მივესალმები აშშ-სგან მტკიცე ერთგულებას მეტი ჯარით. ასევე მივესალმები ევროკავშირისა და კანადის გააქტიურებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მეტი კონტინგენტით ხმელეთზე, ზღვასა და ცაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მსოფლიომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს. ახლა მთავარია პოლიტიკური ერთიანობა. ჩვენ დავგმეთ რუსეთის თავდასხმები, გავაძლიერეთ მასზე ზეწოლა და ვფიქრობ ამისთვის უნდა დავაწესოთ მეტი სანქცია. თქვენ იცით, რომ უკრაინა დიდი სახელმწიფოა და ყავს ბევრი მეზობელი. ამიტომ იმას, რაც უკრაინაში ხდება, ეფექტი მის მეზობლებზეც ექნება. უამრავი ლტოლვილი გადადის უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებში და ჩვენ დახმარება უნდა გავუწიოთ. მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება ახლა უკრაინის დიდ ქალაქებში რომელებიც რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ქვეშ არის.
„ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთმა ხელში ჩაიგდო ატომური ელექტროსადგური. შეშფოთებულები ვართ, რომ არ გაიზარდოს იქ რადიოაქტიურობა. ეს ძალიან საშიში საკითხია. იმედი მაქვს, რომ რუსული ჯარი ტერიტორიას მალე დატოვებს.
რაც შეეხება რუსეთის განცხადებებს ფინეთისადმი. ფინეთი თავად განსაზღვრავს თავის უსაფრთხოებას. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია და პარტნიორობა ნატოსთან. ევროპული უსაფრთხოებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. სუვერენული სახელმწიფოს ასე არ უნდა დაესხნენ. მოხარული ვარ რომ ბელარუსში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ კორიდორსა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე,” – აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ კი მინისტერიალზე თხოვნით მიმართა კოლეგებს, რომ მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი მოლდოვასა და საქართველოს.
„საგარეო საქმეთა მინისტრების ნამდვილად ძალიან დროული შეხვედრაა, რამდენადაც რუმინეთი შეშფოთებულია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეაგირება, რომელიც ნატო-მ უნდა იქონიოს რუსეთის აგრესიაზე, თანმიმდევრული კონსოლიდაცია აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და თავდაცვის პოზიციის თვალსაზრისით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ საბრძოლო ჯგუფების შექმნა რუმინეთში, რომელსაც საფრანგეთი უხელმძღვანელებს”, – განაცხადა აურესკუმ.
წყარო:რეზონანსი