”მე წარმოვადგენ იმ ხალხის მკაფიო სურვილს, რომელიც ქუჩაშია გამოსული”

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიას RFI ინტერვიუ მისცა. ის 28 თებერვალს არის ჩაწერილი, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 4 მარტს გამოაქვეყნა.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ “2008 წლის ომმა ვერ მოახერხა, საქართველოსთვის უარი ეთქმევინებინა მის პერსპექტივებზე, ევროპულ და ევროატლანტიკულ ინტეგრაციაზე“.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას, იყო თუ არა 2008 წლის ომი 24 თებერვლის რეპეტიცია.

“დიახ, გარკვეულწილად რეპეტიცია იყო; ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და ა.შ. რუსული იმპერიალიზმი არ ცვლის სცენარს წლების განმავლობაში. ამავდროულად, ეს არ იყო იგივე რუსეთი, იმ გაგებით, რომ მოსკოვმა და პუტინმა გამოიტანეს დასკვნები საქართველოში ომის გაკვეთილიდან, სადაც ჯარს ბევრი დანაკარგი ჰქონდა, არ იყო ისეთი მოდერნიზებული, როგორც ის არის დღეს და გარკვეულწილად ეს 14 წელი გამოიყენა რუსეთის ხელისუფლებამ, რომ გაეტარებინა შეიარაღების დიდი განახლება, მოდერნიზება.

დღეს ვხედავთ, რომ ეს მასიური მოდერნიზაცია აისახა მასიურ თავდასხმებში ყველა ფრონტზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსული მეთაურობა გაკვირვებული უნდა იყოს იმით, რომ არ ჰქონდათ მეტი მყისიერი წარმატება უკრაინაში, განსაკუთრებული ძალისხმევის მიუხედავად, როგორიცაა მისი მოკავშირე ბელორუსიის ჩართვა ამ ომში”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შესაძლოა კვლავ აღმოჩნდეს მოსკოვის ზეწოლის ქვეშ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ მოიპოვებს ბრწყინვალე გამარჯვებას უკრაინაში.

“როგორც ამას იმედოვნებდა, მან სხვაგან შეიძლება მოსინჯოს ძალა იმიჯის გამოსასწორებლად“.

პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესახებაც.

ის [ივანიშვილი] აღარ არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკაში, მე ვარ პრეზიდენტი, მე განვასახიერებ საგარეო პოლიტიკას, და საქართველოს წარმოვადგენ მის ფარგლებს გარეთ, არა მგონია ამ რეგიონში ჩემზე უფრო ევროპელი ბევრი ლიდერი იყოს, ევროკავშირის აღმოსავლეთით. 

და მე განვასახიერებ საქართვლოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინაზე აგრესიის პირველი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ერთ დღეს რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, გარკვეული სირთულეებით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share