ოპოზიციის პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს.
“ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, განსაკუთრებით ევროპული საქართველოს ოდიოზური ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა ფრაზები – ძალადობა და დაემატა ძალადობას – ლეგიტიმური, მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად. რეალურად გაიხსნა ყველა კარტი, როგორც იტყვიან, მათი საუბრის მთავარი საყრდენი იყო “გაყალბებული არჩევნები” და აღმოჩნდა,რომ არჩევნები კი არა, თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა გაყალბებული, რასაც ისინი ეყრდნობოდნენ და ალბათ წლები გავა და ამას გავიხსენებთ როგორც სკანდალურ და ძალიან ცუდ მოვლენას.
გვახსოვს, ისინი საუბრობდნენ მშვიდობიან ფორმებზე, მოლაპარაკებებზე და როცა ჩიხში შევიდნენ, თავიანთი პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილებების გამო, ახლა დაიწყეს ლეგიტიმურ ძალადობაზე თუ რევოლუციაზე საუბარი და “მსხვერპლზე”- ასეთი ტერმინიც ახსენა ბოკერიამ, ამის “გაპრავებით” არიან ახლა დაკავებულები”- განაცხადა მდინარაძემ.