ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და რუსეთის მიმართ “ქართული ოცნების” დამოკიდებულებაზე წერს:
”საბედნიეროდ, აქ რაკეტებს არ ისვრიან. მაგრამ ომი საქართველოშიც მიმდინარეობს. და მიზანი აქაც იგივეა: დენაციფიკაცია, რუსეთის კოლონიად ქცევა. ამას მოწმობს ხელისუფლების განცხადებები, რომლებითაც ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევენ აზრს რომ თურმე მშვიდობა თავისუფლებაზე უკეთესია და როცა ნატო კარს არ გვიღებს, რუსეთთან ნეიტრალიტეტი სჯობია. ეს ვირეშმაკური გეგმა ხან შეგნებული რუსეთუმე პარტია-ტელევიზიებით, ხან ქვემოძრომი ვაიჟურნალისტებითა და ხანაც სასარგებლო იდიოტების წამყრანტალებული იდეებით მყარდება. არამხოლოდ მთავრობა – ზოგადად, ქართული პოლიტიკა რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, სიტუაცია სულაც არაა დაკარგულ-წაგებული. არც რუსეთს აქვს საქართველოსთან ომის გაჩაღების თავი (მუქარა და პროვოკაციები კი ბატონო) ბრიტანული და პოლონური ვიზიტებიც ამას მოწმობს, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც და ცხინვალსა და სოხუმში არსებული უკმაყოფილებებიც, სადაც ოპონენტები ერთმანეთს რუსეთისა და თავისი ერის სიყვარულს აჯიბრებენ (სამუხაროდ, იქაც ორივე მხარის ბოლო მიზანი სკამის დაუფლებაა). სეპარატისტული ცხინვალის რეჟიმმა უკვე დაიწყო რუსეთთან მიერთებაზე საუბარი – არის თუ არა ეს გეგმის პირველი ეტაპის ამოქმედება, რომელსაც რუსეთის რეაქცია და პროვოკაციები და მუქარები უნდა მოჰყვეს, ნეიტრალიტეტის მოთხოვნით? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მთავრობა არ დგას მოწოდების სიმაღლეზე – მეტიც, ის სულ სხვაგან დგას. და ამ სიტუაციაში, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ქვეყნის დაცვის მისია ეკისრება, რაკიღა ჩვენი თავის ანაბარად ვართ დარჩენილი – პოლიტიკური მტრის სიძულვილითა და სკამისა და ფულის სიყვარულით დაბრმავებული მთავრობის ხელში. ეს მისია კი მოლოტოვის სროლაში არ გამოიხატება. ერთადერთი რამ მოგვეთხოვება – მოსმენილის კარგად გააზრება და ისე გავრცელება, რომ ერთადერთ ფილტრში გავატაროთ:ხომ არ დააზიანებს ეს ჩემი სამშობლოს სუვერენტიტეტს?” – წერს დაჩი გრძელიშვილი.