რუსეთი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ მათ მიერ დაწესეულ სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებს.
კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “რია” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნიკალაი კობრინეტის კომენტარს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის დაწესებულ უპასუხისმგებლო სანქციებს უკვე აქვს გავლენა ევროპის მოქალაქეებზე. მისივე თქმით, რუსეთთან კონფრონტაცია ევროგაერთიანების საუკეთესო ინტერესებში არ უნდა იყოს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციას ევროკავშირმა სანქციებით უპასუხა. სანქციების პირველი პაკეტი ომის დაწყებამდე რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კი მეორე პაკეტი დამტკიცდა. ამის შემდეგ ევროგაერთიანებამ სანქციების რამდენიმე პაკეტი კიდევ მიიღო. ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა.