ვლადიმერ პუტინს სძულს ვოლოდიმირ ზელენსკი პირველივე შეხვედრის შემდეგ – წერს The Wall Street Journal.
გამოცემა იხსენებს პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ შეხვედრას, რომელიც 2 ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შედგა და ეს იყო 2019 წლის დეკემბერში პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში, როდესაც მაკრონი და მერკელი ჩიხიდან გამოსვლის გზებს ეძებდნენ.
გამოცემა იხსენებს, რომ ზელენსკიმ მაშინ შეთანხმებების რუსული ინტერპრეტაცია კატეგორიულად უარყო.
„რუსები გაბრაზდნენ“ – ციტირებს WSJ ფრანგი მაღალჩინოსნის განცხადებას.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც გადადგა ბოლო ნაბიჯი მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად და უკრაინას შესთავაზა, რომ უარი ეთქვა ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
ამ შეთანხმებას კი ხელს მოაწერდნენ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას.
ზელენსკიმ შოლცს შეთავაზებაზე უპასუხა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ უკრაინელების უმეტესობას სურდა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება.