დარჩენილი მარაგების გამო ქართულ თხილზე ფასები ეცემა – რა ღირს პროდუქტი

პორტალის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტიორები პასიურობენ, რადგან მარაგები აქვთ, მაშინ, როცა ევროპაში მოთხოვნა თურქულ თხილზე იზრდება. ამასთან, თურქეთში ფასების დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც საქართველოში ჯერ არ იგრძნობა, თუმცა EastFruit-ის ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ინტერესი ქართული თხილის მიმართაც გაიზრდება.

Mundus Agri-ს მონაცემებით, თურქული თხილის ფასები, გარკვეული ვარდნის შემდეგ კვლავ იზრდება, თუმცა 2021 და 2020 წლების დონეებს მაინც ჩამორჩება. თურქეთში საკვანძო საკითხად ინფლაცია რჩება, რის გამოც ადგილობრივი მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა. ამან თხილზე შიდა მოთხოვნაც შეამცირა. წინა თვეების სავალუტო კრიზისის, ასევე, მსყიდველობითი უნარის შემცირებამ თხილის სექტორს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. თურქი მოვაჭრეები იმასაც ამბობენ, რომ ფასები წინა წლების დონეს ვეღარ დაუბრუნდება.

EastFruit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, თუ შემდეგი მოსავალი თურქეთში კარგი იქნება, ხოლო წინა მოსავლიდანაც დიდი მარაგი დარჩება, ეს საქართველოში თხილის ფასზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს. მითუმეტეს, ყინვით მიყენებულ დიდ ზარალს თურქი მოვაჭრეები აღარ მოელიან.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოსავლის მაღალი ხარისხისა და დარჩენილი მოცულობის პირობებში, ქართული თხილის მრეწველობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. მოსავლის, დაახლოებით, 30% საქართველოში რჩება, რაც ასოციაციის შეფასებით, მეტად დიდი ოდენობაა.

ბოლო 5 სეზონის ანუ აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე მოსავლის, მხოლოდ 10-20% გავიდა. გაუყიდავმა მნიშვნელოვანმა მარაგმა შესაძლოა, ფასები ამ სეზონზე კიდევ უფრო დააგდოს.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share