22 წლის წინ რუსული ატომური წყალქვეშა ნავი კურსკი 118 მეზღვაურით ბარენცის ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. ახალ გაპრეზიდენტებულ პუტინს მაშინ მთელი მსოფლიო აკრიტიკებდა დაგვიანებული და არასათანადო რეაქციის და იმის გამოც, რომ დასავლეთის შეთავაზებას უარით უპასუხა და თავისივე ფლოტის ათეულობით მეზღვაური სასიკვდილოდ გაწირა. ცივსისხლიანი კაგებეშნიკის ერის გარიჟრაჟზე ცოტა ვინმეს თუ შეეძლო 22-წლიანი პერსპექტივის წინასწარმეტყველება. ისევე, როგორც სიგიჟეში გადასული იდეების კრახი და რუსული ფლოტის ფლაგმან მოსკოვთან ერთად შავი ზღვის ფსკერზე სამუდამოდ ჩამარხვა.
კურსკის ჩაძირვიდან მოსკოვის ზღვის ფსკერზე მოხვედრას 22 წელი დასჭირდა. მანამდე კი იყო დასავლეთის მიერ დაშვებული უამრავი შეცდომა, ქართველების უთანასწორო ბრძოლა და უკრაინელების გმირული და გონივრული წინააღმდეგობა. კურსკი თავად რუსების მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი ტრაგედია იყო, კრეისერ მოსკვას ფინალი კი შურისძიებაა იმ ბოროტებისთვის, რაც პუტინმა უკრაინელებს თავს დაატეხა.
კრეისერ მოსკვას კაპიტნის ოთახში წლების განმავლობაში ინახებოდა სპეციალურ ლუსკუმაში მოთავსებული ხის რამდენიმე მილიმეტრიანი ნაწილაკი. რუსები ამტკიცებდნენ, რომ ეს იმ ჯვრის ნაწილი იყო, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს. ეს რელიკვია რუსებმა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად შეიძინეს და კრეისერის მფარველად მიიჩნევდნენ. ფაქტია – ფარისევლობისა და სიბრიყვის ამ არცთუ ისე ნატიფმა კომბინაციამ არ იმუშავა და დამდეგ აღდგომას კრეისერი შავი ზღვის ფსკერზე შეხვდება. ალბათ არც ეს გამოაფხიზლებს ხიბლსა და ბოროტებაში ჩავარდნილ რუსებს, რომელთაც საკუთარი იმედები ერთის მხრივ – ფალსიფიცირებულ რწმენას და მეორეს მხრივ – შიშველ ბოროტებას დააფუძნეს. არადა რა მარტივია გამოფხიზლება ქრისტიანისთვის, რომელიც ასე ნათლად ხედავს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას.
უკრაინისთვის მთელი სააღდგომო მარხვა ვნებისა და წამების აღმოჩნდა, სწორედ ამ ტანჯვამ აიძულა მსოფლიო გამოფხიზლებულიყო, გაეხსენებინა ის იდეალები, რომელსაც უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის სქელი ფენა წლები ედებოდა. აღდგომა 12 დიდ დღესასწაულს შორის ერთადერთია, რომელსაც აუცილებლად ვაყოლებთ ხოლმე სიტყვა ბრწყინვალეს. ეს სააღდგომო ბრწყინვალება დაუჯერებლის დაჯერების, წარმოუდგენლის დანახვისა და დავიწყებულის გახსენებისკენ გვიბიძგებს. მომავალი ერთი კვირა სწორედ ამაზე ისაუბრებენ ეკლესიებში, ხოლო უკრაინელები ქართველებთან ერთად, ამის დამტკიცებას ბრძოლის ველზე ეცდებიან.
formula