გურიის მოამბე

„სროლა ჭომის ხიდთან და მოქალაქის გმირობა- ვინ არის დამნაშავე პირველ აპრილს მომხდარ ინციდენტში?“

2022 წლის 1 აპრილს, ქუთაისში, ჭომის ხიდთან მომხდარმა შემზარავმა ინციდენტმა არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო. მშვიდი ღამე წამებში გადაიქცა დაძაბულ და ტრაგიკულ სურათად.

კერძოდ, 2022 წლის 1 აპრილს, ქუთაისში, ჭომის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მცხოვრებმა ირაკლი ხომლაძემ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან უმისამართოდ დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. სროლის შედეგად ტყვია მოხვდა იმ ავტომობილის საქარე მინას, სადაც ახალგაზრდა ქალი თავისი ოთხი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. ტყვიამ მანქანის მძღოლი შოკში ჩააგდო და მან ვეღარ შეძლო ავტომობილის კონტროლის შენარჩუნება. შედეგად, მანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა და მდინარის შენაკადში გადავარდა.

ინციდენტის დროს, შემთხვევის ადგილას მყოფმა მოქალაქემ-გიორგი ჩუბინიძემ უშუალო საფრთხის მიუხედავად დროულად მოახერხა ავტომობილში მყოფი დედისა და ბავშვის გადარჩენა. მის მიერ ორივე დაზარალებული უსაფრთხოდ იქნა ამოყვანილი მდინარის ნაპირზე, რის შემდეგაც ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, სამედიცინო დახმარება დაჭირდა დედა-შვილის გადამრჩენელ ახალგაზრდა მამაკაცსაც, თუმცა ამ დროისთვის მათი ჯანმთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია და ჩვეულ ტემპში აგრძელებენ ცხოვრებას.

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი (ირაკლი ხომლაძე) რომელიც ცეცხლასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისვრიდა წარსულში უკვე ნასამართლევი იყო. 2019 წელს იგი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე გაასამართლეს და შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოცხადებული საყოველთაო ამნისტიის შედეგად, იგი ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ გათავისუფლების შემდეგ, მიუხედავად მისი კრიმინალური წარსულისა, ხომლაძე უკანონოდ ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც არავის შეუმოწმებია. სწორედ ამ გაუკონტროლებლობამ და სამართალდამცავი სისტემის არაეფექტიანობამ შექმნა წინაპირობა ტრაგიკული ინციდენტისთვის, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

ინციდენტის მთავარ გმირად იქცა მოქალაქე გიორგი ჩუბინიძე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად მოახერხა დედისა და ოთხი წლის ბავშვის გადარჩენა. ის შემთხვევას ასე იხსენებს:

 

ჩვეულებრივი დღე იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო ან ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდებოდი. არაფერი განსაკუთრებული სამსახურის შემდეგ მეგობართან ვიმყოფებოდი. უკვე 9 საათი ახლოვდებოდა, როდესაც სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. გზაზე, ჭომის ხიდთან სროლის ხმა გავიგონე. მინიმუმ სამჯერ გაისროლეს. ჩემს წინ მხოლოდ ერთი მანქანა მოძრაობდა, რომელშიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ისხდნენ. მოულოდნელად ჩემმა მეგობარმა წამოიყვირა ბიჭო მგონი წინა მანქანას მოხვდა ტყვიაო, ამის თქმა და მანქანის უცნაურად მანევრირების დაწყება ერთი იყო. თითქოს მძღოლს აღარ შეეძლო  საჭის კონტროლი. რამდენიმე წამში მანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა და მოულოდნელად მდინარეში გადავარდა.

არ ვიცი მაშინ რა ძალა მომეცა, სიმართლე გითხრათ არაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა რომ ადამიანი კვდებოდა. მაშინ არ ვიცოდი რომ ბავშვიც იყო დაზარალებული. გიჟივით გავვარდი წყლისკენ, უკვე ამ პერიოდში პოლიციის და სასწრაფოს სირენების ხმა ისმოდა, მაგრამ მე მხოლოდ დაზარალებულებზე ვფიქრობდი. გიჟივით შევვარდი წყალში, მანქანა უკვე იძირებოდა, ძალიან ცოტა დრო მქონდა. პირველი შოკი მაშინ მივიღე როცა ბავშვი დავინახე, რაღაცნაირად კიდევ უფრო შემეშინდა, მაგრამ ბავშვი პირველ რიგში ამოვიყვანე მანქანიდან, ნაპირზე გავიყვანე, ის ახველებდა, წყალს აღებინებდა, არ მქონდა დრო რომ დავხმარებოდი, თავად იცით რიონი რამდენად ჩქარია, ბავშვი ტიროდა, მისი ტირილის ხმის პარალელურად შევბრუნდი დედის გადასარჩენად, რომ შევედი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე დამხვდა, ქალბატონს ფეხი ჰქონდა გაჭედილი სავარძელსა და საჭეს შორის, რამდენიმე წამი ვეწვალებოდი, იმედს ვერ ვკარგავდი. ძლივს ამოვიყვანე ქალი მანქანიდან. რომ ამოვედი წყლიდან ადგილზე უკვე პოლიცია და სასწრაფო გროვდებოდა, სწორედ მათგან გავიგე რომ დაზარალებულები ნინო სანდუხაძე და მისი ქალიშვილი მარიამ იყვნენ. ჯერ კიდევ იქ მიხდიდა ხალხი მადლობას, მეუბნებოდნენ რომ გმირი ვიყავი.

ვფიქრობ, გმირის სტატუსი ცოტა გადამეტებულია, მე ვთვლი რომ ნებისმიერი ადამიანი ჩემს ადგილზე ისე მოიქცეოდა როგორც მე, დარწმუნებული ვარ არავინ შეხვდებოდა ამ ამბავს უმოქმედოდ. გამიმართლა რომ აღმოჩნდა ძალა დავხმარებოდი დედა-შვილს, თორემ ამას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი.

რაც შეეხება იმას თუ ვინ ისროდა, ამის შესახებ ისევე მაქვს მეც ინფორმაცია როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ვწუხვარ რომ მიწევს ქვეყანაში ცხოვრება სადაც კრიმინალები დადიან თავისუფლად, სადაც ამნისტიის სისტემა, არ განიხილავს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, და არ  ხდება კარგად შესწავლა იმის, თუ ვინ დადის თავისუფლად. მე ძალიან მიჭირს იმის გააზრება რომ პოლიტიკური ნიშნით შეწყალებულ პატიმარს, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, შეეძლო 4 წლის ბავშვის სიცოცლხე შეეწირა. იმედია საქმეს წესისამებრ გამოიძიებენ და მოხდება რეაგირება, რადგან დამიჯერეთ, 4 წლის გოგონა რომ განწირულად კივის სიკვდილის მოლოდინში, ამაზე მძიმე მოსასმენი არაფერია.”

 

ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ამირან ვერულაშვილს, რომელსაც კითხვა დაუსვა – როგორ მოხდა, რომ ირაკლი ხომლაძე, წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, თავისუფლად გადაადგილდებოდა და უკანონო იარაღს ფლობდა?

ვერულაშვილის პასუხი არამხოლოდ დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, არამედ მკვეთრად დამამცირებელი ტონით იყო სავსე:

თქვენ, ჟურნალისტებს, გიყვართ დეზინფორმაციის მოგონება და რეალობის დამახინჯება. ხომლაძის საქმე გამოძიების პროცესშია და არავის აქვს უფლება ხალხი ააბუნტოს და სიცრუეში შეიყვანოს. თქვენს შეკითხვებში აშკარად ჩანს კავშირი ოპოზიციასთან და მიზანმიმართული მცდელობა, ხელი შეუშალოთ სამართალდამცავებს მუშაობაში. საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის დათესვა სწორედ თქვენი პასუხისმგებლობაა და არა პოლიციის,“ – განაცხადა ამირან ვერულაშვილმა.

აღნიშულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც. მისი თქმით, მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის მძიმე მოვლენაა:

ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. დღეს მთავარი ჩვენი ამოცანაა, რომ დაზარალებული დედისა და შვილის ჯანმრთელობის და მენტალური  მდგომარეობა დასტაბილურდეს. ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანო მაქსიმალურად ჩაერთვება პროცესში, რათა მათ  მიიღონ როგორც სამედიცინო დახმარება, ასევე შესაბამისი კომპენსაცია. რაც შეეხება ირაკლი ხომლაძის საკითხს გამოძიება უკვე დაწყებულია და ის ყველა კითხვას გასცემს პასუხს. სანამ ოფიციალური დასკვნები არ არსებობს, სპეკულაციებზე რეაგირებას არ ვაპირებ,“ – განაცხადა გომელაურმა.

ეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოქალაქის გმირობასთან ერთად, საზოგადოების წინაშე დგას სხვა, გაცილებით მძიმე კითხვა  რა პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სისტემას, რომელის მმართველობის პირობებშიც შესაძლებელია  უკვე ნასამართლევი ადამიანი უკანონო იარაღით თავისუფლად ისროდეს ქუჩაში? სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დაუდევრებამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ინციდენტმა არა მხოლოდ გმირობის მაგალითი დაგვიტოვა, არამედ მოგვახსენა მწარე ჭეშმარიტება  ქვეყანაში, სადაც კრიმინალი ადვილად პოულობს იარაღს და სამართალდამცავი სისტემა ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება შემთხვევითობის იმედზეა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights