უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რუსული შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა იყოს აღიარებული.
ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ სანქციების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გეგმის სრულად განხორციელების შემდეგ, რუსეთს თავისი სამხედრო მოქმედებების დაფინანსების შესაძლებლობა აღარ ექნება.
“ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის ყველა სახელმწიფომ მოღვაწემ, ვინც მხარს უჭერს ამ სამარცხვინო ომს, მიიღოს ლოგიკური სასანქციო პასუხი დემოკრატიული სამყაროსგან. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად. ამასთან, დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ გეგმა გამოქვეყნდა. როდესაც ამ გეგმაში მითითებული ყველა ძირითადი მიმართულება განხორციელდება, რუსეთის დაკარგავს სამხედრო მანქანის დაფინანსების შესაძლებლობას. გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, საბანკო სექტორზე, ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებზე. მომდევნო ნაბიჯებს შორის უნდა იყოს ასევე ნავთობის ემბარგო და რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდების სრული შეზღუდვა”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.