ჩვენს ასო-ბგერაში და ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი… Z და V ლათინური სიტყვებიდან ამოვიღოთ, ფილმი “ზორო” აღარ გავუშვათ თუ რა ვქნათ? ვერ გავიგე რა უნდა გავაკეთოთ. არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V ასე თუ ისე გამოყენებულია. აქედან გამომდინარე, ამ ასოების გამოყენება არ ვიცი როგორ უნდა ავკრძალოთ. ზოგადად საქართველოში პროპაგანდა არ ხდება… მაგალითად ერთ-ერთმა მწერალმა თქვა, რომ ფილმი ჯარისკაცის მამაც იმ პროპაგანდის ნაწილიაო, ავკრძალოთ ჯარისკაცის მამაც? აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში გვაქვს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ სპეკულაციასთან საქმე. ჩვენთან არც “გეორგიევსკის ლენტი” გამოიყენება და არც სხვა ნიშანი, რაც რუსული აგრესიის პროპაგანდის საგანია. თუ ასე წავედით, მაშინ ფილმი გიორგი სააკაძეც უნდა ავკრძალოთ, რადგან რუსეთია ნახსენები და საბჭოთა პერიოდში გადაღებულია.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ლელოს” საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.