წმინდა საყდრის დესპანმა, მისმა აღმატებულება მთავარეპისკოპოსმა ჟოზე ა. ბეტანკურმა მშვიდობისთვის ლოცვაზე სიტყვა წარმოთქვა. უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტის, მალხაზ სონღულაშვილის ინიციატივით ინტერრელიგიურ ღვთისმსახურება აღევლინა. ტაბულა პაპის ნუნციუსის სიტყვას სრულად გთავაზობთ:
თქვენო აღმატებულებანო, ელჩებო, პატივცემულო რელიგიურო ლიდერებო, რელიგიურ კონფესიათა გამორჩეულო წარმომადგენელნო, ძვირფასო მეგობრებო,
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მშვიდობის ტაძარში ყოვლადუსამღვდელოესობის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილისის მიტროპოლიტის, მეუფე პროფესორ მალხაზ სონღულაშვილის მოწვევით, უკრაინაში მშვიდობისადმი მიძღვნილი სარწმუნოებათაშორისი ლოცვისთვის. ვისმენთ ებრაული, ქრისტიანული, მუსლიმური, იეზიდური ტრადიციების წმინდა ტექსტებს, იმ პერიოდში, როცა ებრაელები იზეიმებენ პასექს, ქრისტიანები დიდმარხვაში არიან, მუსლიმებმა ეს-ესაა დაიწყეს რამადანის წმინდა თვე, ხოლო იეზიდებმა ახლახან იზეიმეს თავიანთი ახალი წელი. ომი უკრაინაში უკვე 43 დღეა მიდის. ჩვენ კი აქ შევიკრიბეთ, რადგან ყველა ჩვენგანის რწმენა გვეუბნება, რომ უკრაინაში არასწორი ომი მიმდინარეობს, რომ ომი საერთოდ არასწორია და ჩვენს მსოფლიოს მშვიდობა სჭირდება!
შევცქერი ამ ტაძრის კედლებზე არსებულ გამოსახულებებს და მეც პაპ ფრანცისკესთან ერთად ვიმეორებ მის სამშვიდობო მოწოდებას: “სისხლისა და ცრემლის მდინარენი მოედინება უკრაინაში”. ომი ჩვენს თვალწინ მძვინვარებს და თესავს სიკვდილს, მოაქვს ნგრევა და ტანჯვა-ვაება. ეს უგუნურებაა. ეს აღვირახსნილი სისასტიკეა. ომის გაჩაღება ადამიანობის დავიწყებაა. ეს ეშმაკისეული საქმეა, ძალაუფლების უკუღმართად გამოყენება კერძო ინტერესებისთვის. ომი დავის გადაწყვეტა არაა.
შეაჩერეთ ომი! დაიწყეთ კონსტრუქციული დიალოგი, რათა დასრულდეს ეს უზარმაზარი ჰუმანიტარული ტრაგედია, ბავშვებისა და დაუცველი ადამიანების ბარბაროსული დევნა და ხოცვა-ჟლეტა. ქალაქები სასაფლაოებად იქცა.
ომის ღმერთი არ არსებობს. ღმერთი მშვიდობისაა. ძალადობის მხარდამჭერი – ღმერთის მგმობელია. ვითხოვთ შეწყდეს შეიარაღებული თავდასხმები, გაიმარჯვოს საღმა აზრმა, გაიმართოს ჭეშმარიტი და ქმედითი მოლაპარაკებები მშვიდობის დასამყარებლად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაცული უნდა იქნას ჰუმანიტარული დერეფნები.
ამ უკუნით გარემოცულებს გვაცისკროვნებს სხვადასხვა რელიგიების წმინდა ტექსტებიდან მომდინარე სინათლე. ამ ტექსტების მოსმენა ჩაგვაგონებს მშვიდობის ჭეშმარიტებას. ეს განმწმენდი შუქი ექოსავით ჩაესმის ადგილობრივ საკრებულოსა და გლობალურ ადამიანურ ოჯახს. ეს ნათელი ვერასდროს ვერ უნდა დაბინდოს სამარცხვინო წყვდიადმა, როცა ზოგიერთების რელიგიური რწმენა მკრეხელობად იქცევა და წმინდათაწმინდა ადამიანური ღირსების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გასამართლებლად გამოიყენება.
რამდენჯერ დაგვიდგამს ომის ტრაგედიების მოსაგონარი მონუმენტები! ლამის ეს მონუმენტები საფლავის ქვებივით გადაეფარონ ქალაქებს, რათა შეგვახსენონ ომის საშინელებანი. და მაინც, რაოდენ უპრიანი და სამართლიანი იქნებოდა რელიგიურ ლიდერებსა და მორწმუნეებს ხმა აღემაღლებინათ დიალოგისა და მშვიდობის მხარდასაჭერად!
ჩვენ მოვალენი ვართ ვაშენოთ მშვიდობიანი თანაარსებობა. მოწადინებულნი ვართ ვიყოთ ჭეშმარიტი მიმდევარნი “ოქროს წესისა”, რომელიც, ასე თუ ისე საერთოა ყველა რელიგიისათვის. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საყოველთაო ურთიერთგაგებას, ურთიერთპატივისცემასა და სოლიდარობას. ეს ყველას გვეხება, განზე ნურავინ გადგება – დაე, ყოველი მორწმუნე ადამიანი იქცეს მანათობელ შუქურად.
ჩვენ ვერ მოვისვენებთ, ჩვენი მოწოდებაა – “ღვთის გულისათვის, შეაჩერეთ ეს სასაკლაო!” – ამიტომაც ვლოცულობთ. ამიტომაც ვევედრებით ღმერთს. ვლოცულობთ, რათა გადასხვაფერდეს ომის გამჩაღებლების გული და გონება. ვლოცულობთ, რათა უფალმა შემდგომი სისხლისღვრისგან დაიფაროს ძვირფასი უკრაინელი ერი. ვლოცულობთ ყველა ტანჯულისთვის, მათთვის ვისი მამები, დედები, დები, ძმები, მეუღლეები და ბავშვებიც შეეწირნენ ამ ბარბაროსულ ომს.
ამ საღამოს, ფართო საზოგადოება შეიკრიბა სოლიდარობისა და თანადგომის სულისკვეთებით, რათა ილოცოს მშვიდობისთვის. წმინდა ტექსტები, რომელთაც ვისმენთ, მრავალსაუკუნოვანი სიბრძნეა, ნათელი, რომელიც მიუძღოდა ადამიანებს მშვიდობასა და ძნელბედობაში. ჩვენი რწმენა გვასწავლის, რომ ჩვენი დღევანდელი ტკივილი შვებას წარმოშობს, რამეთუ სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია და უთუოდ გაიმარჯვებს. როგორც დიდი რუსთაველი ბრძანებს: “ბოროტსა სძლია კეთილმან – არსება მისი გრძელია”.