უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ოლქის ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ ქალაქებში საშინელება ტრიალებს. ნაპოვნია ასობით ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი არაადამიანურ ვითარებაში. განსაკუთრებით მძიმე სურათია ქალაქ ბუჩაში, სადაც დახვრეტილი უკრაინელების მასობრივი სამარხი იპოვეს. დიდი უბედურება ტრიალებს ირპენშიც, სადაც ოკუპანტებმა ქალები და ბავშვები დაცხრილეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკით გადაუარეს. ანალიტიკოსთა აზრით, ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან აუცილებლად მოჰყვება, ასევე დასავლეთის მხრიდან იქნება პოლიტიკური შეფასებები, რასაც სანქციების გამკაცრებასა და უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაში გამოხატავენ.
ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კონტროლის დაბრუნების შემდეგ მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ცხედარია. სავარაუდოდ, ეს რუსი სამხედროების მიერ დახვრეტილი ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. დასავლური სააგენტოების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში მიმოფანტული ნახეს ნაწამები ცხედრები და მათ ნაწილს ზურგს უკან ხელები აქვს შეკრული.
ბუჩაში დაბომბვებმა, მიწასთან გასწორებულმა შენობებმა, აფეთქებულმა ავტომობილებმა და პირდაპირ ქუჩებში მიოფანტულმა ცხედრებმა აპოკალიპსური სურათი შექმნა. მაგალითად, გავრცელებული ცნობებით, 16 ადამიანის ცხედარი ქუჩის ტროტუარზე, ან მის მახლობლად ეგდო, სამი შუა გზაზე, ერთი კი სახლის ეზოში. ხელფეხშეკრული გვამის გვერდით კი უკრაინის პასპორტი ეგდო.
აღსანიშნავია, რომ ყველა გარდაცვლილი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, მათ ეცვათ პალტო, ქურთუკი, ჯინსი, ან სპორტული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ან ჩექმა. ორი ცხედარი ველოსიპედის გვერდით ესვენა, კიდევ ერთი კი – მიტოვებული ავტომობილის გვერდით. ზოგი ცხედარი პირქვეა დამხობილი,ზოგი ზურგზე.
ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს ორი შიშველი ქალის და ერთი ჩაცმული მამაკაცის ცხედარი. სავარაუდოდ, გზის პირას მათ დაწვას აპირებდნენ.
ცხედრების დათვალიერებისას ვარაუდი გამოითქვა, რომ მათი უმრავლესობა რამდენიმე დღის წინაა დახოცილი.
რას აცხადებს უკრაინული მხარე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული ქმედება იყო, რადგან რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ.
„ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს „დიდი შვიდეულისგან” ახლა.
„მოვითხოვ: ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე ემბარგოს;
„რუსული გემებისა და პროდუქტისთვის ყველა პორტის დაკეტვას:
„რუსეთის ყველა ბანკის „სვიფტ”-ის პროგრამიდან გათიშვას.”- განაცხადა კულებამ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ მსოფლიო უნდა შეიძრას იმით, რაც უკრაინის ქალაქებში ოკუპანტებმა ჩაიდინეს.მისი თქმით, ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი წარმოადგენენ სურათს პოსტაპოკალიფსური საშინელებათა ფილმიდან – ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
კატასტროფულ სურათზე საუბრობს ირპენის მერი ალექსანდრ მარკუშინიც. მან გათავისუფლებულ ქალაქში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ქალაქში ათობით ცხედარია ნაპოვნი და მათი უმრავლესობა სასტიკად არის ნაწამები.
„ნაღმებმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, ბევრი შეეწირა საარტილერიო იერიშებს. ბევრია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ოკუპანტებმა ავტომატებიდან დაცხრილეს. პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩებზე ოკუპანტებმა ქალები და ბავშვები დაცხრილეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკით გადაუარეს”, – თქვა ირპენის მერმა.
შოკირებული ევროპა
„შეძრწუნებული ვარ ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ გავრცელებული ცობებით იმ ადგილებიდან, რომლებიც რუსეთმა დატოვა. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ომის დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარით შოკირებულია და რომ ევროკავშირი ეხმარება უკრაინას საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დაწყებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში.
ცალსახად სამხედრო დანაშაული
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინაში და კერძოდ ბუჩაში მომხდარი ფაქტები ცალსახად ომის დანაშაულია.
„ჟენევის კონვენციის ოთხი ოქმია, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ არ უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტა ან წამება, თუკი ის შეიარაღებული არაა და შეიარაღებულ წინაარმდეგობას არ უწევს ოკუპანტ, აგრესორს და დამპყრობს. ჩვენ კი ვნახეთ ფოტოები, რომელზედაც აღბეჭდილია ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში არიან დახვრეტილი. ეს ცალსახად ომის დანაშაულია”, – განაცხადა მუხაშავრიამ
კითხვაზე, ჰააგის სასამართლო რამდენად ჩათვლის ასეთ ფაქტებს მის კომპეტენციად და რამდენად რეალურია, რომ ომის დასრულების შემდეგ დიდი საერთაშორისო ტრიბუნალი გაიმართოს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე, ამბობს, რომ ამის ალბათობა დიდია.
„ძალიან დიდია რეალური სურათი, რომ ჰააგის ტრიბუნალმა ეს ფაქტები კონკრეტული პირების მიმართ ბრალდების სახით წარადგინოს. ახლა დასაზუსტებელია ვინ იყო ამ სისასტიკის ჩამდენი, ან ვისი განკარგულების თუ ბრძანებით მოხდა ამის განხორციელება,” – განაცხადა მუხაშავრიამ.
მისი შეფასებით, ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი, მიცემა თუ არა ამ ფაქტებს ეთნიკური წმენდის კვალიფიკაცია.
„ეთნიკური წმენდა გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობა საცხოვრებელი ტერიტორიებიდან ან იძულებით იყო გაძევებული მთლიანად ისე, რომ მას უკან დაბრუნების შესაძლებლობა მომსპარი აქვს, ან ამოხოცეს სწორედ იმის გამო, რომ განსხავებული ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ამ შემთხვევაში ამ ქალაქებში მოსახლეობა დარჩა და დაბრუნდნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეთნიკურ წმენდად ვერ ჩაითვლება, თუმცა, ჯერ არ ვიცით იქ რადენი ადამიანია მოკლული, რა რაოდენობით მსხვერპლია, ან ამან რამდენად გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება იმ ადგილებიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
„ომი რომ საშინელებაა, ეს ყველამ ვიცოდით და ბევრს ეს გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ის, რაც რაც ახლა ხდება თავისი მასშტაბის, მასობრივობის და ტერიტორიული მოცვის თვალსაზრისით, თან შუა ევროპაში, ეს კატასტროფაა. ამ ფაქტების ხილვა და აღქმა ძალიან შემზარავია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს, ეს იქნება სადამსჯელო, სამართლებრივი, საომარი, ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური, თუ დიპლომატიური, რომ ეს უბედურება დასრულდეს,” – განაცხადა მუხაშავრიამ.
რეზონანსი